მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობა გვენეტაძე: ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის 5%-ით ზრდა შესაძლებელია

5fd088e0bdf5a
ინგა მურუსიძე
09.12.20 12:25
930
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, დღევანდელი გადმოსახედიდან, 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნის შესახებ პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ონლაინ-პრესკონფერენციაზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიმდინარე და შემდეგ წლებში ეკონომიკური ზრდის/ვარდნის ოფიციალური პროგნოზების რეალისტურობას შეეხებოდა. 

„დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, 2020 წელს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნის შესახებ პროგნოზი საკმაოდ რეალისტურია, ხოლო 10 თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა -5,5%-ია და ნოემბერ-დეკემბერშიც, დაახლოებით, ამ დონის ვარდნას ველით. გარდა ამისა, რადგან ახლა დაწესებული შეზღუდვები გაზაფხულთან შედარებით მსუბუქია, ვფიქრობ, ეს ვარდნა ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რომელიც უკვე 10 თვეში გვქონდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, კარგია, რომ საკრედიტო აქტივობა საკმაოდ აქტიურია, რაც ეკონომიკას და შიდა მოთხოვნას ეხმარება.

„რაც შეეხება მომავალ წელს, ვფიქრობთ, 2021 წელს ეკონომიკის 5%-ით ზრდა შესაძლებელია. არ დაგვავიწყდეს, რომ ფისკალური სტიმულიც საკმაოდ მაღალ დონეზეა დაგეგმილი ბიუჯეტის მიხედვით. უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - კოვიდის დროს პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია და ეს დაკავშირებულია ბევრ გაურკვევლობასთან. მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მოხდება კოვიდ-19-ის ვაქცინის ხელმისაწვდომობა, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

კობა გვენეტაძის ინფორმაციით, მაკროეკონომიკური პროგნოზები 2021 წლის თებერვალში განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები