ირაკლი კობახიძე უმაღლესი განათლების 3+1+1 სისტემის შემოღებით სამუშაო ძალის 30 000 ადამიანით გაზრდას ელოდება. როგორც მან პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა, ეს ეფექტი მოსალოდნელია იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტები სწავლას ერთი წლით ადრე დაასრულებენ.
„ამას თავისი დამატებითი ეფექტიც ექნება, დაახლოებით, 30 000 ადამიანით გაიზრდება სამუშაო ძალის რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ერთი წლით ადრე დაამთავრებენ სტუდენტები სწავლას. ანუ, 30 000-ით მეტი ახალგაზრდა ადამიანი, კადრი, სამუშაო ძალა შეემატება ჩვენს შრომის ბაზარს. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, გვაქვს სწრაფი ტემპი ეკონომიკის განვითარების და უკვე ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის დეფიციტი. რა თქმა უნდა, უმუშევრობაც რჩება პრობლემად და საშუალოდ, იმ პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემის დაძლევა, თუმცა ამავდროულად ბევრი მიმართულებით უკვე არის სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემა. თქვენ რომ მოისმინოთ, მაგალითად, ბიზნესასოციაციის პრეზენტაციები, ისინი სამეულში პრობლემებად ასახელებენ სამუშაო ძალის ნაკლებობას და მეორე არის კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, რაც არის ცალკე პრობლემა. ამიტომ აქ გვჭირდება შრომის ბაზრის გამდიდრება და ამ კუთხითაც საინტერესოა ის ცვლილება, რომელსაც გთავაზობთ,“- განაცხადა პრემიერმა.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, 3+1+1 სისტემაზე გადასვლით, დაახლოებით 2%-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები.
"მრავალ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ასეთი სისტემა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ანუ აპრობირებული პრაქტიკაც არის. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი ეს სისტემა და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას. ასევე, თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს, დაახლოებით, 25%-ით დაიზოგება ხარჯები, რაც უმაღლეს განათლებასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს თანხები ისევ უმაღლეს განათლებაში უნდა ჩაბრუნდეს, ოღონდ კონკრეტული მიზნობრიობით და ეს მიზანი უნდა იყოს ხარისხის ამაღლება უმაღლესი განათლების სისტემაში,“ - განაცხადა კობახიძემ.
"ოცნების" მთავრობა მომავალი აკადემიური წლიდან გეგმავს უმაღლესი განათლების სისტემის შეცვლას, რომლის თანახმადაც საბაკალავრო პროგრამები ერთი წლით 4-დან 3-მდე შემცირდება. მაგისტრატურა 2-დან 1 წლამდე.
„გვინდა, რომ შემოვიღოთ 3+1+1 სისტემა, ანუ არსებითად 3+1, 3 წელი ბაკალავრიატი, 1 წელი მაგისტრატურა და იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს სურს აკადემიური საქმიანობის გაგრძელება, მაგალითად სადოქტორო პროგრამაზე, მოგვიანებით, სწავლის გაგრძელება და ა.შ. იქნება გახანგრძლივებული 2-წლიანი მაგისტრატურა, რომელიც უნდა დაამთავროს შესაბამისმა სტუდენტმა, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკისა და მოთხოვნების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება.
აქაც ყველაზე კარგად ვარ გარკვეული იურიდიული განათლების სისტემაში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სავსებით არის შესაძლებელი 3 წელიწადში ყველა იმ ძირითადი საგნის გავლა, რაც უნდა იცოდეს იურისტმა და, ასევე, შესაძლებელია 10-მდე არჩევითი საგნის გავლა სტუდენტების მიერ სპეციალიზაციის მიხედვით. 3 წელი იურისტისთვის სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მან მიიღოს საკმარისი ცოდნა, რაც უნდა გადაეცეს მას ბაკალავრიატის ფარგლებში. იგივე შეიძლება ითქვას ეკონომიკის მიმართულებაზე, სოციალურ მიმართულებაზე, ჰუმანიტარულზე და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, რაიმე განსხვავებული აზრთა სხვადასხვაობა და განსხვავებული მოსაზრებები არ მომისმენია. 3+1+1 არის ჩვენი აზრით ოპტიმალური სისტემა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არსებული სისტემა - 4+2 არავითარ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება.
„არავის გაუანალიზებია, რამდენადაა აუცილებელი 4+2 სისტემა. ჩვენ სიღრმისეული ანალიზი განვახორციელეთ და ვფიქრობთ, საფუძვლიანად ჩავთვალეთ მიზანშეწონილად 3+1+1 სისტემაზე გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ 3 წელიწადში სავსებით არის შესაძლებელი ბაკალავრიატის გავლა მაღალი ხარისხით და ერთ წელიწადში მაგისტრატურის გავლა და + 1 წელიწადში, თუ სტუდენტს უნდა აკადემიური საქმიანობის გაგრძელება", - დასძინა მან.




























