მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ შეხვდა

ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის პორტების ჯგუფის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორ აბდულაზიზ ზაიედ ალ შამსის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის მნიშვნელობას და ამ კუთხით თბილისის მშრალი პორტის პროექტის როლს, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით განხორციელდა.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის, მათ შორის სტრატეგიულ ლოგისტიკურ-სატრანსპორტო პროექტებში.

ადმინისტრაციის ცნობითვე, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წარმატებული პარტნიორობის მაგალითია თბილისის მშრალი პორტი, რომელმაც ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო და შუა დერეფნის საშუალებით, დასავლეთ აზიის წარმოების ცენტრებს აღმოსავლეთ ევროპის სამომხმარებლო ბაზრებთან საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ყაზახეთის როგორც საზღვაო, ისე მშრალი პორტების ქსელის გამოყენებით აკავშირებს.

აბუ-დაბის პორტების ჯგუფი თბილისის მშრალი პორტის 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორია, რომელიც ახალ ლოგისტიკურ ცენტრს მართავს. კომპანიამ თბილისის მშრალი პორტის პროექტში ამ ეტაპისთვის 16 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, რომლის მოცულობა პროექტის განვითარებასთან ერთად გაიზრდება.

"აბუ-დაბის პორტების ჯგუფი საზღვაო და ლოგისტიკურ სფეროში უმსხვილესი მოთამაშეა, რომელიც მსოფლიო კლასის პორტებს, ლოგისტიკურ ცენტრებს და ინდუსტრიულ ზონებს მართავს. კომპანია ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ოპერირებს და 6 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ",- წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები