მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე ალიევს მადლობას უხდის ბაქო-თბილისის სამგზავრო მატარებლის აღდგენისთვის

ალიევი კობახიძე

დღეს, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს.

ინფორმაცია ამ დრომდე არც ერთ ოფიციალურ წყაროს არ დაუდასტურებია, თუმცა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტით მყოფმა "ოცნების" პრემიერმა მედიის კითხვის პასუხად თქვა, რომ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ალიევთან საუბარი ჰქონდა ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლის დანიშვნაზე და საქართველოს მიმართ გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა.

„აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჩვენ გვქონდა ამ თემაზე საუბარი პრეზიდენტ ალიევთან და მას პირადად მინდა, მადლობა გადავუხადო გულისხმიერებისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალი მობილობა იყოს ჩვენ ორ ქვეყანას შორის, მეგობარ ქვეყნებს შორის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, ამას აქვს ორმხრივად სასარგებლო დატვირთვა როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მოგზაურობა საქართველოდან აზერბაიჯანში, აზერბაიჯანიდან საქართველოში, მათ შორის იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთაშორის ურთიერთობები, ის ტრადიციული მეგობრობა, რომელიც ჩვენ ორ ხალხს აკავშირებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

bm.ge აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ საქართველოს რკინიგზას დაუკავშირდა კითხვით, რამდენად რეალურია აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტის აღდგენა. უწყებაში კონკრეტული კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"თბილისსა და ბაქოს შორის სამატარებლო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ასევე შეთანხმების ეტაპზეა შესაბამის უწყებებს შორის ტექნიკური საკითხები, რომლის დასრულების შემდგომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული".

აღსანიშნავია, რომ კოვიდის შემდეგ, აზერბაიჯანს სახმელეთო მიმოსვლა ყველა ქვეყანასთან აკრძალული აქვს. გამოდის, რომ თუ სამატარებლო მიმოსვლა აღდგა, აზერბაიჯანი ხსნის საზღვარს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები