ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს გენმდივანს „რუსულ კანონში“ ცვლილებებზე კი არა, მხოლოდ დისკუსიისთვის მზაობაზე დასთანხმდა, რაზედაც აქამდეც თანახმანი იყვნენ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ალან ბერსემ ისიც თქვა, რომ კანონში ცვლილებების იდენტიფიცირებისთვის ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიისა და საქართველოს წარმომადგენლებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
ჟურნალისტების ჩაკითხვაზე იმის შესახებ, რომ ალან ბერსემ საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსულ კანონში ცვლილებების მზაობაზე ისაუბრა, თავად კობახიძე კი, მხოლოდ დისკუსიისთვის მზაობას გამოთქვამს, ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს:
„ერთ მარტივ რამეს ვიტყვი - ჯერ ხომ უნდა შედგეს დისკუსია, იქნებ პროცესში ვლინება, რომ ეს კანონი თავიდან ბოლომდე კარგია. რას ვშვრებით, ასეთ პირობებში მაინც უნდა შევცვალოთ? ასეთ შემთხვევაში კანონის შეცვლა არ შეიძლება. ჯერ პუნქტობრივად უნდა დასაბუთდეს, რა არის კარგი, რა არ არის კარგი, ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ცვლილების შესახებ. ჯერ დავიწყოთ დისკუსია, მერე ვთქვათ შეიცვლება თუ არა და მერე ვთქვათ, რომ შეიცვლება, რა შეიცვლება. ეს ამ თემასთან მიმართებით ყველაზე ჯანსაღი მიდგომაა“.
ჟურნალისტები იმითაც დაინტერესდნენ, რა შეიცვალა ალან ბერსეს ჩამოსვლის შემდეგ და ალან ბერსესთან 18 დეკემბერსა და დღევანდელ შეხვედრას შორის. ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი რამ შეიცვალა: „ძლივს ვნახეთ ერთი ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს და არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ამდენი ხანია ვითხოვთ. მართლა საოცრება მოხდა. აქედან გამომდინარე, ამ ღირსეულ კაცს დავუდასტურეთ მზაობა დისკუსიისთვის. კანონის დეტალებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებდით, ეს არ იყოს ვიზიტის მიზანი. ვიზიტის მიზანი იყო თანამშრომლობის ფორმატებზე შევთანხმებულიყავით“.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ვინმე დაასაბუთებს რუსულ კანონში რა არის უარყოფითი, საქართველოს ხელისუფლება ცვლილებებზე მსჯელობისთვის მზადაა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლების და ევროპის საბჭოს გენმდივნის პოზიციები ამ საკითზე ემთხვევა.
„ჩვენ გვქონდა მსჯელობა კანონმდებლობაზე. მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესშიც, კანონის მიღების შემდეგაც. ვამბობთ მარტივ რამეს - თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამ საკითხზე მსჯელობისთვის. მათ შორის, მზად ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან“, - განაცხადა კობახიძემ.
ხოლო კითხვაზე - როგორ წარმოუდგენია ევროკავშირის გზაზე დაბრუნება, თუ ორი კანონის სახით წინაღობები არსებობს, კობახიძე აცხადებს, რომ ესეც დამოკიდებულია Deep State-ის მიმართულებით მდგომარეობის ცვლილებაზე.
„თუ ცვლილებები იქნება, ასეთი მოთხოვნებიც შეიცვლება. მაგალითად, ავიღოთ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი. უმარტივესი კანონია, რომლის მიხედვითაც არავის შეუძლია აუკრძალოს საჯარო მოხელეს სქესის მიხედვით განსაზღვრული ტერმინების გამოყენება. ბლინკენმა თავის დროზე აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეებმა უნდა ისაუბრონ ამ ტერმინებით - კაცი, ქალი, დედა, მამა, ქალიშვილი, ვაჟიშვილი და ა.შ. ამ კანონში წერია, რომ ამის აკრძალვა არ შეიძლება. ეს თუ ანტიევროპული მოვლენაა... ხვალ არ შეიძლება მივიდე საჯარო რეესტრში და არ შეიძლება ჩემს შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს კაციდან ქალზე. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს აფერხებს ევროინტეგრაციას“, - განაცხადა მან.