მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძემ ალან ბერსეს უთხრა, რომ "რუსული კანონის" შეცვლისთვის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა აღარ სურს

ევროპის საბჭო

ევროპის საბჭოს ინფორმაციით, გენერალური მდივანი ალან ბერსე "უცხოური გავლენის შესახებ" კანონის ცვლილებაზე საქართველოს მთავრობის პოზიციის შეცვლით შეშფოთებულია.

საბჭოს ვებგვერდზე 7 თებერვალს გავრცელებული პრესრელიზით ირკვევა, რომ 3 თებერვალს, ალან ბერსე ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძეს, რათა განეხილა "უცხოური გავლენის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საკითხი. კობახიძემ კი უთხრა, რომ „შეცვლილი გარემოებების გამო“, მის მთავრობას აღარ სურს მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამუშაო ჯგუფში ან შეცვალოს „უცხოური გავლენის“ კანონი, როგორც ეს ადრე იყო განხილული. თუმცა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება, გააგრძელოს მუშაობა ევროპის საბჭოსთან მთავრობათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.

თავის მხრივ, ალან ბერსემ საუბრისას დიდი სინანული გამოთქვა ამ გადაწყვეტილების შესახებ. მან ასევე გაიმეორა შეშფოთება საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის, ასევე მისი პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციის შესახებ. ბერსეს თანახმად, ახლა ამოცანაა შევაფასოთ მთავრობის კურსის შეცვლის შედეგად შექმნილი ახალი ვითარების გავლენა და საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი გრძელდება.

ევროპის საბჭოში აღნიშნავენ, რომ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორმხრივი შეთანხმებით, გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტის დროს 2024 წლის 20 დეკემბერს. 20 იანვარს სამდივნომ გაგზავნა წერილი სამუშაო ჯგუფის შექმნის თხოვნით. ეს მოთხოვნა უპასუხოდ დარჩა.

შეგახსენებთ, 5 თებერვალს, "ქართულმა ოცნებამ" "რუსული კანონის" ნაცვლად ამერიკული FARA-ს მიღება დააანონსა.

"შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ, მის ნაცვლად, მივიღებთ ახალ, ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები