მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ღირებულებითი თანხვედრა აქვს

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან არის ღირებულებითი თანხვედრა, რაც მისივე თქმით, იმედს აძლევს, რომ ურთიერთობები სრულად გადაიტვირთება. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენ იცით, რომ წინა, ჯერ კიდევ მოქმედი, [ბაიდენის] ადმინისტრაცია ყველაზე მეტად უპირისპირდებოდა ჩვენთან ორ კანონს: ეს იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი. ახალმა ადმინისტრაციამ უკვე დააანონსა, რომ თავადვე მიიღებენ კანონს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, ძალიან მსგავსი შინაარსი აქვს ამ კანონს. მეორე, პრაქტიკულად რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ახალი ადმინისტრაცია თავად საუბრობს პრობლემებზე, რომლებიც დაკავშირებულია უცხოური დაფინანსების გაუმჭვირვალობასთან მათ შორის. თავიდან ბოლომდე, ახალი ადმინისტრაციის გზავნილები არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც მივიღეთ. ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ 20 იანვრის შემდეგ, საქართველოს მიმართ ამერიკული ადმინისტრაციის დამოკიდებულება თვისებრივად შეიცვლება. ჩვენ გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა და იმედი მაქვს, რომ ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადატვირთვას. ვფიქრობ, ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ამის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს იყო შეუძლებელი წინა წლებში, პირიქით, ყველაფერი კეთდებოდა, რომ ურთიერთობები გაუარესებულიყო", - თქვა კობახიძემ.

BMG-ის კითხვაზე, თუ 20 იანვრიდან ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინია, რატომ გაკეთდა 28 ნოემბერს განცხადება, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს ორი თვე განსაკუთრებული რისკების მატარებელი იყო, აშშ-ში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცვლილებიდან გამომდინარე.

მისივე თქმით, რაღაც იყო დაგეგმილი, რაც იქიდანაც ჩანდა, რომ არც ერთი ქვეყნიდან კეთდებოდა განცხადება არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით.

"მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, ახალს დაუტოვოს მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა ამ რეგიონში. განსაკუთრებით, რაც ხდება უკრაინაში ხედავთ, 3 წელი რის უფლებასაც არ აძლევდნენ უკრაინას, ესაა შორ დისტანციაზე რაკეტების გასროლა, იმის უფლება მისცეს ახლა. ზუსტად იგივე რისკებია დაკავშირებული საქართველოსთან. დეკემბერ-იანვარი იყო რისკებთან დაკავშირებული, დეკემბერი იყო ყველაზე დიდი რისკების შემცველი და ვერავის მივცემდით ქვეყნის დაშანტაჟების საშუალებას. აქციები 5 დღის წინ არ დაწყებულა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა და ამის საფუძველი რა იყო... არც ერთი ხელისუფლება არ აკეთებდა განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით, იმის მიუხედავად, რომ ეუთო/ოდირმა აღიარა ლეგიტიმურობა, არ კეთდებოდა განცხადებები და ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია თბილისში აწყობდა პერმანენტულ აქციებს, ანუ შანტაჟი გრძელდებოდა. ეს პიროტექნიკა, საშუალებები ერთ დღეში ხომ არ შეუძენიათ, ყველაფერი მზადდებოდა კონკრეტული თარიღისთვის. ეს იყო კონკრეტული სუბიექტების მიერ დაგროვილი პიროტექნიკა, კონკრეტული NGO-ები ყიდულობდნენ სხვა აღჭურვილობებს. ნაადრევად მოუწიათ რესურსების განიავება ამ შემთხვევაშიც და ყველამ დაინახა, რომ 20 იანვრამდე "ნაცმაიდანი" ვერ შედგება და შემდეგ უკვე გადაიტვირთება ურთიერთობები",- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები