"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო დიდ ბრიტანეთთან პარტნიორობისთვის მზად არის, თუმცა ურთიერთობები კონკრეტულ და გამჭვირვალე პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.
მისი თქმით, წარსულში არსებობდა მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის ექსტრემიზმის დაფინანსების შემთხვევები, რაც, მისი შეფასებით, ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას.
„რაც შეეხება თანამშრომლობას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ამისათვის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს. ამ კუთხით იყო გარკვეული მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, ექსტრემიზმის დაფინანსების მანკიერი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები ხელს უშლის ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას,“ — განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა მცდელობა, რომ დაფინანსება მიეღო რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც, მისი შეფასებით, რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული.
„ეს არის ორგანიზაციები, როგორიცაა ‘ტაბულა’, ‘მომავლის აკადემია’, რომელიც არის ფრანკლინის კლუბის გაგრძელება,“ — აღნიშნა კობახიძემ.
დიდი ბრიტანეთის საელჩომ "ოცნების" მთავრობას დღეს მოუწოდა, მოიწვიოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/ოდირი) სადამკვირვებლო მისია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
იქამდე, 11 ივნისს გაერთიანებულმა სამეფომ გააუქმა ის საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა მომავალი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. მიზეზი, როგორც ბრიტანული მხარე განმარტავს, საქართველოს მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები და ვადები.




























