მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე დიპლომატიურ პასპორტებზე EU-ს გადაწყვეტილებას სიმბოლურს და ანტიქართულს უწოდებს

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების დაწყების შესახებ, სიმბოლური დატვირთვის და ანტიქართული ნაბიჯია.

კობახიძემ საკითხზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ.

„მინდა გამოვეხმაურო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის პროცედურის შემოღების დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში.

ზუსტად ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია ის, რომ ევროპული სტრუქტურები ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლემა.

თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევროკავშირის მიერ ევრობარომეტრის კვლევა, რომლის თანახმადაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროპული სტრუქტურების მიმართ ნდობა საქართველოში არის შემცირებული 6%-ით. სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ",- თქვა კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებიც სანქციების დაწესების წინააღმდეგ წავიდნენ.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენლმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შედგა შეთანხმება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე და ევროკომისია წინადადებას უკვე წელს წარადგენს.

"ასევე განვიხილეთ საქართველოს მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან.

ასევე გავაგრძელებთ საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე, საქართველოს მოსახლეობასა და დამოუკიდებელ მედიაზე",- განაცხადა კაია კალასმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები