მთავრობა აგრძელებს 2022 წლის იანვარში ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაწყებულ პროექტზე მუშაობას, რაც იორდანიაში მდინარე იორდანეს სანაპიროსთან ქართული კულტურის ცენტრის და სანათლავის მშენებლობას ითვალისწინებს.
2025 წლის 14 ივლისის მთავრობის განკარგულებით, განახლდა სამთავრობო კომისიის შემადგენლობა, რომელიც პროექტზე მუშაობს, მასში შევიდა ეკონომიკის ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, კულტურის ახალი მინისტრი თინათინ რუხაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ასევე, კომისიის მონაწილეობაში მოწვეულია მეუფე შიო, მიტროპოლიტი გერასიმე, მიტროპოლიტი დავითი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მიტროპოლიტი თეოდორე.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ამ პროექტზე 228 ათასი ლარი დაიხარჯა, 2023-ში კი 967 ათასი ლარი. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული გაიწია თუ არა რაიმე ხარჯი პროექტზე 2024 და 2025 წლებში, შესაბამისად, თანხების ათვისება მოხდა მხოლოდ მაშინ, როდესაც პრემიერის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა.
აღნიშნულ პერიოდში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გაფორმდა კონტრაქტი არქიტექტურულ-საკონსულტაციო ფირმა Yousef Madanat Architeqture Studio-სთან.
მდინარე იორდანეს სანაპიროზე ქართული კულტურის ცენტრის შექმნის ინიციატივა წინა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში დაანონსდა. ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა სამთავრობო კომისიასაც, რომელიც ამ ცენტრის კოორდინაციას უზრუნველყოფდა.
საქართველოს კულტურის ცენტრი და სანათლავი მდინარე იორდანედან 15-20 მეტრის მანძილზეა დაშორებული, მიწის ფართობი კი 4,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად, 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობამ ცენტრის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი 2023 წლის ნოემბერში დაამტკიცა.
პროექტის რენდერი:






























