ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღიაა ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით.
„ევროსაბჭოსთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფორმატს ვიყენებთ იმისათვის, რომ გაღრმავდეს თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. გვაქვს სირთულეები ძირითადად, ორი მიმართულებით, ერთი ეს არის PACE, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და მეორე არის ვენეციის კომისია, რომელიც საერთოდ არ სცემს პატივს სამართლებრივ პრინციპებს. ყველა სხვა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მათ შორის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წვლილი ჩვენი დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ინტერესი, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის. კონკრეტულად, რაც შეეხება ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მისი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ გადავუხადე მას მადლობა მისი ინტერესისთვის, მისი ვიზიტისთვის, რომელიც შედგა საქართველოში გასული წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და მას კიდევ ერთხელ დავუდასტურე ის, რომ მზად ვართ დიალოგისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთობლივად ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი ტიპის დიალოგისთვის, ყველა თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე 2025 წლის 29 იანვრის კენჭისყრაზე მიიღო კრიტიკული რეზოლუცია, რომლითაც მოითხოვა:
ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება; პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება; ამასთან, PACE-ში „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება მხოლოდ შეზღუდული უფლებებით ცნო და 2025 წლის აპრილამდე „გამოსაცდელი ვადა“ მისცა. ამის საპირისპიროდ, "ოცნებამ" იმ დღესვე დელეგაციის მონაწილეობაზე "საკუთარი სურვილით" თქვა უარი. დღეს, 10 აპრილს, ასამბლეა საქართველოს საკითხს განიხილავს.
მას შემდეგ, „ოცნებამ“ PACE-დან დელეგაციის წევრები გამოიწვია. რამდენიმე დღის წინ კი პაპუაშვილმა თქვა, რომ "PACE-ში დელეგაციით წარმოდგენილი არ ვიქნებით, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს".




























