ირაკლი კობახიძე მიმდინარე მოვლენებში საკუთარ ბრალეულობას ვერ ხედავს. მისი თქმით, ის, რაც ხდება, თავიდან ბოლომდე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.
"თუმცა არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ მათი პატრონების პასუხისმგებლობაა“ - ამბობს ის. მისივე თქმით, „მწვანე შუქი ჰქონდა გარედან ანთებული იმ უხეშ ძალადობას, რასაც ჩვენ ვხედავდით თბილისის ქუჩებში“.
„ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცეოდა. რეალურად, ეს ადამიანები, შესაბამისი პარტიების ლიდერები და მდიდარი ენჯეოების ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში, წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას, ეს არ არის მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი. რეალურად, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს, 5 დეკემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული. უკვე რამდენიმე დღეა თბილისში აქციები მიმდინარეობს, პროტესტი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს. დაშავდა ათეულობით მოქალაქე, ასევე ჟურნალისტები.