ძალადობის მთავარი წყარო იყო პარტიული ოფისები, როგორც კი შევედით ამ ოფისებში და ამოვიღეთ შესაბამისი ძალადობის იარაღი, მაშინვე დასრულდა ძალადობა, - ამბობს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე.
4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და აქტივისტების ბინებში. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პოლიციელებმა ამ ჩხრეკის დროს ძალის გამოყენებით დააკავეს.
„გუშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩავარდნილი "ნაცმაიდანის" უკან იდგნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური პარტიები. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ რესურსი აღარ ჰქონდათ პარტიულ ძალადობრივ დაჯგუფებებს ძალადობისთვის. როგორც კი მოიშალა ძალადობის წყარო, მაშინვე აღარ მოუწია რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ძალიან კარგად ჩანდა ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით - როცა არ იყო ძალადობა მომიტინგეების, ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, საერთოდ არავითარი რეაგირების გაწევა არ დასჭირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - ამბობს კობახიძე.
დღეს, 5 დეკემბერს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319 განცხადებაა შესული. უკვე რამდენიმე დღეა თბილისში აქციები მიმდინარეობს, პროტესტი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ გაზს. დაშავდა ათეულობით მოქალაქე, ასევე ჟურნალისტები.