"ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა", - ამის შესახებ ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დაელოდება, როდის გამოვა მოლდოვა დსთ-დან.
„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, ამის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციისთვის: მოლდოვაში 28 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პროდასავლურმა "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PASS) გაიმარჯვა.
მოლდოვის ცესკოს მონაცემებით, პარტიას მხარი 792,557-მა ადამიანმა დაუჭირა, რაც ხმათა 50.20%-ია და საკმარისია საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. მეორე ადგილზე იგორ დოდონის პრორუსული პარტია, "პატრიოტული ბლოკი" გავიდა, რომელმაც ხმათა 24.18% მიიღო. დოდონის პარტიას 101 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში 26 ადგილი ერგო. მესამე ადგილზე კი დედაქალაქ კიშინიოვის მერის, იონ ჩებანის პარტია გავიდა. საკანონმდებლო ორგანოში ისინი 8 სკამს დაიკავებენ.
მაია სანდუს პარტიის გამარჯვება დასავლურ მედიაში უკვე შეფასდა პროდასავლელების გამარჯვებად, რადგან მათი დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებაში მოვიდოდა პარტია ან პარტიათა კოალიცია, რომლებიც ამომრჩეველს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასა და რუსეთთან ურთიერთობების დაახლოებას ჰპირდებოდნენ.
ამ მოცემულობით, სანდუს გუნდი ხელისუფლებაში, სულ მცირე, 2028 წლამდე დარჩება, როცა მოლდოვაში შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.




























