საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ცესკოს და პროკურატურას მადლობას უხდის. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ დაადასტურა ღიაობა არჩევნებთან დაკავშირებით და პროკურატურამ იმოქმედა მყისიერად.
„მადლობა ცესკოს ღიაობისთვის, ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ არც ცესკოს და არც არავის დასამალი არაფერი აქვს. არჩევნები ჩატარდა აბსოლუტურად სუფთად, დემოკრატიულად და სამართლიანად ჩვენს ქვეყანაში. ამის გამოხატულებაა ის ღიაობაც, რომელიც დაფიქსირდა ცესკოს მხრიდან. მადლობა პროკურატურას, რომელმაც მყისიერი რეაგირება მოახდინა ცესკოს მიმართვაზე. აბსოლუტურად ყველაფერი იქნება ღია, ყველას შეუძლია ჩაიხედოს ყველაფერში. არჩევნები იყო სრულიად სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული და სუფთა.
აქედან გამომდინარე, არავითარი პრობლემა პროცესების ღიაობასთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველას შეუძლია გადაამოწმოს ყველაფერი. ჩვენ ასევე შეგვიძლია გავითვალისწინოთ დასავლელი პოლიტიკოსების, მათ შორის ბორელის მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში შესაბამის ორგანოებს უნდა გამოეძიებინათ სამართალდარღვევა. ამ მხრივ ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა ცესკოს, ამ ყველაფრის გათვალისწინებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ: პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული საქართველოს პრეზიდენტიც.
„საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით.
აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.