მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის მთავრობის სტარტაპების განვითარების გეგმა - რა წერია სამთავრობო პროგრამაში?

სამთავრობო პროგრამა

საქართველოს პრემიერობის კანდიდატის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის მიხედვით, რომლის სახელწოდებაა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით ირაკლი კობახიძის მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯების გადადგმას სტარტაპების განვითარებისთვის გეგმავს.

უნდა აღინიშნოს, რომ სტარტაპების ხელშეწყობაზე საუბარი დღეს უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ამავე დასახელების „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პროგრამაშიც იყო, თუმცა ამ მიმართულებაზე ღარიბაშვილის მთავრობის გეგმებში ორი წინადადებით იყო აღნიშნული: „გაგრძელდება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა.

რეგიონული ტექნოპარკებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით, გაგრძელდება ახალი ინოვაციური იდეების მხარდაჭერის პროგრამები“

ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამაში კი აღნიშნულია, რომ მისი სამთავრობო გუნდი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერა და სამეწარმეო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას გააგრძელებს.

კონკრეტულად კი 2024 წლის განმავლობაში კობახიძის მთავრობის მმართველობის პირობებში სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების ხელშესაწყობად, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის განხორციელება გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, წელს 40 სტარტაპი 150 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდება.

ამასთან, რეგიონებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება რეგიონული საგრანტო პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც 40-მდე სტარტაპი 25 000 ლარიანი გრანტით დაფინანსდება.

500 Global-ის აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში კი 2024 წელს 30 ადგილობრივი და საერთაშორისო სტარტაპი ინტენსიურ სამთვიან აქსელერაციის კურსს გაივლის, რომელიც მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებადი პროდუქტის გატანაში დაეხმარება, სტარტაპებს მენტორინგს და გაუზიარებს რელევანტურ ცოდნას გაუწევს.

ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების მიზნით სამთავრობო პროგრამის მიხედვით, გაფართოვდება ტექნოპარკების ქსელი საქართველოში და ყველა ტექნოპარკში ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისა და განათლების ხელშეწმყობი პროექტების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება.

ასევე გაგრძელდება საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით. ამისთვის, დაგეგმილია სენაკის და ქუთაისის ტექნოპარკის გახსნა, რომლებმაც ინოვაციური სერვისების მიწოდებასა და ადგილობრივ მოსახლეობაში ტექნოლოგიური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას უნდა შეუწყონ ხელი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებულ ტექნოპარკებში სხვადასხვა ტიპის ღონისძიების განხორციელება აქტიურად გაგრძელდება, რომლებიც ხელს შეუწყობს დაინტერესებული პირების ტექნოლოგიებთან შეუზღუდავ წვდომას და მათი ტექნოლოგიური და სამეწარმეო უნარების გაძლიერებას.

„2024 წელს, საქართველოს ყველა ტექნოპარკის ბაზაზე ჩატარდება სულ მცირე 300 ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას არანაკლებ 4 500 ბენეფიციარი მიიღებს.

ასევე გაგრძელდება პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში და ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას ინოვაციური ბიზნესიდეების დახვეწასა და რეგიონული საგრანტო პროგრამისთვის მომზადებაში.

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მეშვეობით საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიური ტრანსფერის პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება მუშაობა ისეთი სამეცნიერო პროექტების შესარჩევად, რომელთაც აქვთ ტექნოლოგიური მზაობა და კომერციალიზაციის პოტენციალი. სამეცნიერო პროექტების კონკურსის წარმატებულ განმცხადებლებთან 2024 წელს დაიწყება ინტენსიური მუშაობა შერჩეული პროექტების საერთაშორისო კომერციალიზაციის მიმართულებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები