აზერბაიჯანული მედია მძღოლებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თამბაქოს გადამზიდავი აზერბაიჯანული სატვირთოები ბათუმისა და თბილისის საბაჟოებზე უკვე 20 დღეზე მეტია, ხელოვნურად არიან გაჩერებული.
"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BM.GE-ს ამ ბრალდებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე უპასუხა, რომ ასეთი ფაქტი არ ყოფილა და მხოლოდ ერთ ავტომობილს შეექმნა შეფერხება.
„მე გადავამოწმე, ასეთი ფაქტი არ ყოფილა. მე როგორც ვიცი, მხოლოდ ერთადერთი მანქანის შემთხვევაში იყო შეფერხება. ისიც, კონკრეტული მიზეზით. ჩვენ მზად ვართ, ყველა შესაძლო სირთულესთან დაკავშირებით გვქონდეს ძალიან მეგობრული საუბარი,“ - უპასუხა კობახიძემ.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის საელჩომ ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებაზე ქართულ მხარესთან მუშაობენ.
აზერბაიჯანული გამოცემები, მათ შორის Report და Caliber.Az, ვრცელ სტატიებს აქვეყნებენ, სადაც საუბარია თამბაქოს გადამზიდავებზე სელექციურ კონტროლზე. ბრალდებების მიხედვით, ქართული მხარე მხოლოდ აზერბაიჯანულ მანქანებს აკავებს და დოკუმენტაციას უგვიანებს, რამაც კოლონების წარმოქმნა გამოიწვია.
საქართველოს შემოსავლების სამსახური ასევე უარყოფს სატვირთოების მიზანმიმართულ შეჩერებას და აცხადებს, რომ საბაჟოები შეუფერხებლად მუშაობენ. მათი ვერსიით, სირთულეები შესაძლოა, მძღოლების მიერ დოკუმენტაციის წესრიგში არქონას უკავშირდებოდეს.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, სამირ ველიევის შეფასებით, თუ შეფერხებები სისტემატურ ხასიათს ატარებს, ამის უკან ორი პოლიტიკური ვერსია უნდა იდგეს:
- ზანგეზურის ეჭვიანობა: ქართული მხარე „ემოციურად მგრძნობიარეა“ ალტერნატიული ზანგეზურის დერეფნის გააქტიურების პერსპექტივის გამო, რაც საქართველოს ლოგისტიკურ მონოპოლიას შეუცვლის.
- რუსეთის ფაქტორი: შესაძლოა, გარკვეული ჯგუფები, რომლებიც „ჩრდილოეთ ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებული“, ცდილობდნენ აზერბაიჯანული სატვირთოებისთვის პირობების გართულებას.




























