ირაკლი კობახიძის თქმით, გელათში აშენებული დროებითი კონსტრუქცია ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან დაიცავს. ამის შესახებ მან პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისი მტკიცებით, კონსტრუქცია ტაძრის გამოშრობასაც უზრუნველყოფს, რაც უნიკალური ფრესკებისა და მოზაიკის კონსერვაციის საშუალებას იძლევა.
"გელათში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობამდეც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ძეგლის აღსადგენად მიღებულია კონკრეტული ზომები.
„აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც მთლიანად დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექისგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოხდეს, როგორც უნიკალური ფრესკების, ასევე მოზაიკის კონსერვაცია. ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას. მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს და საპატრიარქოს კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში, ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ძეგლის აღდგენა-განახლებისთვის“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები, მათ შორის გუმბათის ნაწილიც, დასკვნით ეტაპზე გადავიდა. კერძოდ, როგორც კომიტეტში აცხადებენ, ამ დროისთვის გერმანელი კონსტრუქტორები ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის ბოლო სამუშაოებს აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის აპრილში გადაიბარა. მანამდე მაშინდელმა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.
ამასთან, 2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტაძარში არსებული მძიმე ვითარება, რაც სახურავიდან წყლის ჟონვას და წყლის მიერ ფრესკების დაზიანებას უკავშირდებოდა, გამოწვეული იყო მთავრობის მიერ 2015-2019 წლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით. მაშინ საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რის შედეგადაც სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა და დაზიანდა.




























