მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს 4 მლნ ლარით ზრდის

გელათი

მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს 4 მლნ ლარით ზრდის. როგორც მთავრობის გვერდზე 9 სექტემბერს გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული, გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების მიზნით, ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოუყოს 11,5 მლნ ლარი, მაშინ როცა, მიმდინარე წლის 18 მარტის განკარგულებით, გელათის რეაბილიტაციისთვის დაგეგმილი იყო 7,5 მლნ ლარის უზრუნველყოფა.

“დაევალოს სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის (მიმღების დასახელება: გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი) 11 500 000 ლარის გადარიცხვა.

დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის გასაზრდელად საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესაბამისი რესურსის მოძიება”, - წერია 9 სექტემბრის განკარგულებაში.

აღსანიშნავია, რომ საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 წლის აპრილში გადაიბარა. მანამდე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა.

გასული წლის 15 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის ტაძართან და მასზე მომუშავე ჯგუფთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტაძარში არსებული მძიმე ვითარება, რაც სახურავიდან წყლის ჟონვას და წყლის მიერ ფრესკების დაზიანებას უკავშირდებოდა, გამოწვეული იყო მთავრობის მიერ 2015-2019 წლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებით. მაშინ საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რის შედეგადაც სამონასტრო კომპლექსში წყალი ჩავიდა და დაზიანდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები