"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. კობახიძის თქმით, საუბარი ხანმოკლე იყო, თუმცა მხარეები საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებაზე შეჯერდნენ და ხედვები იდენტურია.
„მაკრონთან ხანმოკლე საუბარი იყო. ჩვენ აღქმასთან დაკავშირებით შევჯერდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს საერთო აღქმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი. ამის გახმოვანების საშუალება არა გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, — განაცხადა კობახიძემ.
მისივე განმარტებით, საუბრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ეს „ორ ადამიანს შორის საუბარია“ და მისი გასაჯაროების უფლება არ აქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის ლიდერების შეხედულებები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ემთხვევა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე და ემანუელ მაკრონი ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა 2025 წლის 16 მაისს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციების და მასზე საპოლიციო ძალების მოქმედების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა 2024 წლის 11 დეკემბერს.
ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა როგორც "ქართული ოცნების", ისე ელისეს სასახლის მიერ. საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.
მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით:
-
ემანუელ მაკრონი:
- გამოთქვა წუხილი საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და სურვილი გამოთქვა, წვლილი შეეტანა ვითარების სრულად განმუხტვაში.
- დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე სამართალდამცველების ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.
- მოითხოვა ყველა უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა.
- კიდევ ერთხელ გამოხატა წუხილი იმის შესახებ, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას.
- ხაზი გაუსვა რწმენას, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებლად აისახება ის ორიენტაცია, რომელიც არჩეული იქნა ან იქნება.
- გამოვიდა ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით.
-
ბიძინა ივანიშვილი:
- მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისთვის და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
- განუმარტა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული და უახლოეს პერიოდში გათავისუფლდებიან.
- სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განუმარტა, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და დამნაშავეები კანონის მოთხოვნების შესაბამისად აგებენ პასუხს.
- განუმარტა, რომ პოლიცია აქციის მონაწილეთა ძალადობის წინააღმდეგ ევროპულზე მაღალი სტანდარტით მოქმედებდა.
- აღნიშნა, რომ ცალკეულ გადაცდომებზე გამოძიება დაწყებულია და მიმდინარეობს.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგებოდა კონტაქტი და შეფასდებოდა მიღწეული პროგრესი. თუმცა, განმეორებით საუბრის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ აღარ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის მსოფლიო ლიდერებთან კომუნიკაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.




























