"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელის საკითხზე მთავარ პრობლემას იმაში ხედავს, რომ არ ჩანს მისი სინანული პოლიციელისთვის ხელის გარტყმის გამო. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის ამბობს, რომ სწორედ ამის გამო, არ შეხვდება ამაღლობელის კოლეგებს. შესაბამისად, მან გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ, ყველას შეხვდებოდა. "ნეტგაზეთის" თანახმად, 29 იანვარს, კობახიძემ თქვა, რომ თუ ვინმეს უნდოდა მზია ამაღლობელის შესახებ მასთან საუბარი, ის მზად იყო ყველას შეხვედროდა.
„ბათუმელების“ მთავარი რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებაზე, რომ მზადაა მზია ამაღლობელის საკითხზე ირაკლი კობახიძესთან სასაუბროდ, კობახიძე ასევე ამბობს, რომ სამართლებრივი საკითხები მასთან ვერ გაირჩევა.
„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე. სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ეს არის შესაბამისი უწყებები. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ, ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი.
რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, მოგეხსენებათ, ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ პროკურატურა და სასამართლო ხელისუფლება. მე ვერ შევალ სამართლებრივ შეფასებაში, ერთადერთი, შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევის, რაც იქნა ჩადენილი. ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, თავისი საერთო შეფასებით, არ შეიძლება, ვიღაცამ სცადოს, ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმომადგენელზე, პოლიციელზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 28-ე დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. 4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება. ის აგრძელებს შიმშილობას.




























