მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მზად ვარ შეგხვდეთ მზიას საკითხზე“ – ეთერ თურაძე ირაკლი კობახიძეს

კობახიძე

„ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ, მზია ამაღლობელის საკითხზე ირაკლი კობახიძესთან სასაუბროდ, შეხვედრის მზაობა გამოთქვა. ირაკლი კობახიძისადმი შესაბამისი მიმართვა მან ჟურნალისტების მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე გააკეთა. "ბათუმელები" ეთერ თურაძის სრულ მიმართვას აქვეყნებს.

რედაქციის ინფორმაციით, ჯერ კიდევ 29 იანვარს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ ვინმეს უნდოდა მზია ამაღლობელის შესახებ მასთან საუბარი, ის მზად იყო ყველას შეხვედროდა. ეთერ თურაძის მიმართვაც მის საპასუხოდ გაკეთდა.

„ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაწყვეტილების მიმღები პირების ხელშია და შედეგზეც პასუხისმგებლები ისინი იქნებიან.

„მზია 27 დღეა შიმშილობს და როგორც ექიმი ამბობს, მისი მდგომარეობა არის საგანგაშო. შესაბამისად, არ უნდა გავჩერდეთ, თუ გვინდა, რომ გადარჩეს ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი, რომელიც დღეს განსაცდელშია.

მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა

მინდა ვუთხრა სხვა თანამდებობის პირებს, რომლებიც მზიას მისამართით საუბრობენ ცინიკურად ან კრიტიკულადმზია არ შიმშილობს იმიტომ, რომ ის გაათავისუფლონ, არც ერთხელ არ უთქვამს მას ეს და მეორეჩვენ არ ვითხოვთ მზიას გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არის ჟურნალისტი, ჩვენ ვითხოვთ მის გათავისუფლებას იმიტომ, რომ ის არის უკანონო პატიმარი. ვამბობთ, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლი არის არაადეკვატური.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებით, 6 საქმე შევისწავლეთ ჩვენ და შეიძლება თქვენც გაქვთ შესწავლილი, თავდასხმა არის აქტი, როდესაც არის დაგეგმილი და ქცევა აფექტის პირობებში არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს თავდასხმა. ამას წერენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მათ შორის ძირითად მსგავს ქეისებზე ხელმომწერია შოთაძე.

ჩვენ ვიცით მზია ამაღლობელის ქეისის მსგავსი შემთხვევები, იდენტურ ბრალზე პირები გამოუშვეს 2000 ლარიანი გირაოთი. შევხვდი ასეთ ადამიანს, რომელიც 353-ე პრიმა მუხლით იყო დაკავებული და 2000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ.

თუ მზია ამაღლობელის მიმართ არ არის შერჩევითი სამართალი, გეკითხებით საჯაროდ, მაშინ ეს რა არის?

ანუ მზია ამაღლობელს შეუფარდეთ აღკვეთის ღონისძიება, ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, რომ ის უდანაშაულოდ ცნოთ (თუმცა მე ვფიქრობ, რომ უდანაშაულოა), ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლომ შეისწავლოს არსებითად და აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.

თუ შეიძლება ამის გაკეთება არაერთი ადამიანისათვის, რატომ არ შეიძლება მზია ამაღლობელისათვის? არსებობს ამის მაგალითები.

მე ვაპირებ, რომ მოგაწოდოთ ამის მაგალითები თქვენ პირადად. თუ სხვაზე შეიძლება 353-ე პრიმა მუხლის დროს გამოყენებული იყოს არასაპატიმრო ღონისძიება, რატომ არ ვიყენებთ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით იგივე ღონისძიებას?

თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავითარი თავდასხმა, არც ქართული ეტიმოლოგიით და არც სისხლის სამართლის კოდექსით, არ არის ის ქმედება, რასაც მზიას ედავებიან. მან სილა მარცხენა ხელით გააწნა პოლიციელს და ეს არის ფაქტი. ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ამაზე მეტი მძიმე ბრალი მზიას არ აქვს და გადახედეთ ამ კადრსაც“, - განაცხადა ეთერ თურაძემ.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 27-ე დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. 4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება. ის აგრძელებს შიმშილობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები