პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
მისივე თქმით, განაცხადი ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ წარედგინება.
„საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.
საქართველოს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება“, - განაცხადა კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე.