მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომაროვის სკოლის ახალი პანსიონის პროექტირებისთვის ₾1.5 მილიონის ტენდერი გამოცხადდა

კომაროვის სკოლა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოაცხადა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კონკურსის სავარაუდო ღირებულება 1 550 000 ლარს შეადგენს დღგ-ის გარეშე. წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

შესყიდვა მოიცავს ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საინჟინრო-საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას. საკონკურსო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირის 49 ნომერში კომაროვის სკოლის კუთვნილ 20,150 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი 150 მოსწავლეზე გათვლილი პანსიონის შექმნას ითვალისწინებს. დაგეგმილი ინფრასტრუქტურა უნდა მოერგოს მოსწავლეთა საცხოვრებელ, სასწავლო და ყოველდღიურ საჭიროებებს.

პროექტის ფარგლებში უნდა დაიგეგმოს საცხოვრებელი ოთახები შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური სივრცეებით, საერთო მოსასვენებელი და სასწავლო ზონები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები, ფსიქოლოგისა და სამედიცინო მომსახურების სივრცეები, სპორტული ოთახი, ასევე სრულად აღჭურვილი სასადილო და სამზარეულო დამხმარე სათავსოებით.

საკონკურსო პირობების მიხედვით, მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია, არქიტექტურული გადაწყვეტა, ფოტომონტაჟები, 3D ვიზუალიზაციები და პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი. ხარისხობრივი შეფასების წილი კონკურსში 80%-ს შეადგენს, ხოლო ფასის წილი — 20%-ს.

დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან ექვსი კალენდარული თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს. შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტის განხილვის პროცესში ჩართული იქნება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები