მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომერციულ ბანკებს ახალი ბუფერის მოთხოვნები კრიზისის შემდგომ დაუწესდებათ

5fd0a8b388f4b
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.20 14:48
759
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, კომერციულ ბანკებს "წმინდა სტრეს-ტესტის" ბუფერის" მოთხოვნები არსებული კრიზისის დასრულების შემდეგ დაუწესდებათ. მისი თქმით, სებ-ი ამ ფინანსური მექანიზმის შექმნაზე ბოლო 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და მომავალში შექმნილი კრიზისის დროს ბანკები დეფოლტისგან უნდა დაიცვას.

"ეს ჩარჩო განსაზღვრავს კაპიტალის იმ რაოდენობის მოცულობას, რომელიც ბანკმა უნდა დაიცვას იმისთვის, რათა შეძლოს ნორმალური ფუნქციონირების გაგრძელება, თუ რეალიზდება ამ სახელმძღვანელოთი განსაზღვრული სტრეს-სცენარი.

ამ მეთოდურ სახელმძღვანელოზე მუშაობა უკვე, დაახლოებით, 2 წელი მიმდინარეობდა, თუმცა ამ დრომდე არ მომხდარა ამ სტრეს ტესტების ბუფერების დაწესება და ეს როგორც წესი ნორმალური ეკონომიკური ციკლის პერიოდში უნდა მოხდეს", - აცხადებს კობა გვენეტაძე. 

ახალი ბუფერის ტექნიკური მეთოდოლოგიის შესახებ სებ-მა ინფორმაცია ორშაბათს გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ ის, სხვადასხვა შოკის, მათ შორის კურსის გაუფასურებისა და სექტორული შოკების საბანკო სექტორისთვის მიმართ შესაბამის პასუხებს მოიცავს. 

"საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებსაც იყენებს. სხვადასხვა რისკის რეალიზების შემთხვევაში, სწორედ აღნიშნულმა მოთხოვნებმა უნდა უზრუნველყოს ზარალების შეწოვა და ბანკის მუშაობის გაგრძელება, როგორც ნორმალურ, ასევე სტრესულ პერიოდებში.

სტრესული პერიოდისთვის, საკმარისი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების (ე.წ. წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი) დასაწესებლად, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებული მხარეებისთვის სტრეს-ტესტების მეთოდური სახელმძღვანელო გამოაქვეყნა. მასში დეტალურად არის აღწერილი კაპიტალის მოთხოვნის განსაზღვრის მეთოდოლოგია, მათ შორის, გამოყენებული სცენარის, დაშვებების და თითოეული რისკის მიმართ მიდგომების გამჟღავნება",- ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები