უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში კომერციულ უძრავ ქონებასა და საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობენ.
სააგენტოებში ამბობენ, რომ ამის ძირითადი მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემო და წინასაარჩევნო პერიოდია, რის გამოც ბიზნესის ნაწილი ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებისგან დროებით თავს იკავებს.
როგორც კომპანია “საკურა ფროფერთიში” აცხადებენ, მოთხოვნის შემცირება შეინიშნება იჯარაზეც, თუმცა უფრო მკვეთრი კლება საოფისე ფართების ყიდვაზე ფიქსირდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ვიქტორია საკუროვამ "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, კომერციულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია ბოლო თვეებია გრძელდება, თუმცა ეს უფრო შესამჩნევი აგვისტოდან გახდა.
მისივე თქმით, მიუხედავად მოთხოვნის შედარებით შემცირებისა, ჯერჯერობით კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია არ ფიქსირდება.
“მოთხოვნის მკვეთრი შემცირება დღეს საოფისე ფართებზე შეინიშნება, თუმცა სავაჭრო ობიექტებშიც ფიქსირდება კლება. ვხედავთ, რომ ბიზნესები უფრო ფრთხილად ეპყრობიან უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილებებს, ვიდრე მაგალითად, ინდივიდები, რომლებიც საკუთარი ოჯახისთვის ეძებენ ბინას. ჩვენს კომერციულ დეპარტამენტში ბევრად უფრო დაბალია მომართვიანობა, ვიდრე ეს მაგალითად, მაისამდე იყო, თუმცა აგვისტოდან ეს ცვლილება კიდევ უფრო მკვეთრად გამოჩნდა. ორივე მიმართულებით არის მოთხოვნის კლება, როგორც შეძენის, ასევე იჯარის მიმართულებით. ის ბიზნესები, რომლებიც პირველ ან მეორე ფილიალს ხსნიან, დღეს ორჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი აზრით, ამის მიზეზი პოლიტიკური სიტუაციაა, ადამიანებისთვის მომავალი არაა მყარი, რადგან არ იციან, რა იქნება მომავალში.
კომერციული უძრავი ქონების შეძენაზე, იქნება ეს საოფისე ფართი, ე.წ. სთრით რითეილი თუ სასაწყობე ფართი, უფრო მკვეთრადაა მოთხოვნა შემცირებული, ვიდრე იჯარაზე. იმიტომ რომ ყიდვა უფრო დიდი პასუხისმგებლობა და რისკია. შესაბამისად, მაგალითად, სამი თვის წინ თუ შეიძლება რომ ორ კვირაში გაყიდულიყო რაიმე ფართი, დღეს შეიძლება ეს ქონება, 1-2 თვე და მეტიც დარჩეს ბაზარზე.
თუმცა მოთხოვნის შემცირების მიუხედავად, ეს ფასების შემცირებას არ იწვევს, რადგან ჩვენ აქამდეც გვქონდა მიწოდების დეფიციტი. ამიტომ ამ მიმართულებით ბაზარზე ვითარება ჯერჯერობით არ შეცვლილა”, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.