მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხსა და სამთავრობო პროგრამაზე „2025–2028 მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ იმსჯელეს.

კომიტეტებმა სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს.

„საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით იქნება შესაძლებელი კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ქვეყანა ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზას განაგრძობს და კვლავ გამორჩეული პრიორიტეტი იქნება ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობები. მან ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ ბოლო ათი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროგრესი ეფუძნება პარტნიორების პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ხელისუფლების თავდაუზოგავ ბრძოლას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას.

„ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს მომზადება ევროკავშირის წევრობისთვის. თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე კარგად იქნება მომზადებული ევროკავშირის წევრობისთვის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მომდევნო წლებში, საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იქნება დაბალანსებული და დაემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს.

მინისტრობის კანდიდატმა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასევე დაასახელა ქართულ დიასპორასთან თანამშრომლობა.

მომხსენებელმა პარლამენტის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები