საკონსულტაციო კომპანია BDO იანვარში გაუქმებული სპექტაკლების ბილეთებს ყიდულობს. როგორც კომპანია განცხადებაში აღნიშნავს, ამ ნაბიჯის მიზანი მცირე ზომის თეატრების მხარდაჭერაა.
"ადამიანები ადამიანებისთვის ჩვენი მამოძრავებელი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც BDO-ში ვახორციელებთ, ჩვენი ბრენდის ფილოსოფიის და იდენტობის გამოძახილია.
იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომელშიც თვეზე მეტია ვცხოვრობთ, გადავწყვიტეთ ჩვენი პატივისცემა და მხარდაჭერა გამოვხატოთ პატარა თეატრების მიმართ.
იანვარში გაუქმებული სპექტაკლების ბილეთების შეძენით, გვინდა გარკვეულწილად შევამსუბუქოთ მათ წინაშე არსებული სირთულეები და გამოწვევები.
BDO-ში გვჯერა, რომ ერთმანეთის მხარდაჭერა და პასუხისმგებლობის გაზიარება გვიმარტივებს სვლას იმ გზაზე, რომელიც ჩვენია", - წერია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის თქმით, ინიციატივა ეხება შემდეგ თეატრებს: "თეატრი სახელოსნო 42", "მოძრაობის თეატრი", "თეატრი ათონელზე", "ქალაქის თეატრი" და "ჰარაკი".
ცნობისთვის, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, რამდენიმე თეატრმა იანვრის სპექტაკლები გააუქმა.