ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში უპირატეს ნომინანტად დასახელებულ ჩინურ კორპორაცია CCCC-ის 2025 წლის იანვრის ბოლომდე მიეცა ვადა, რათა მათ საკუთარი საინვესტიციო პოზიცია დააზუსტონ. მინისტრის განცხადებით, ეს რიგით მესამე დაზუსტება იქნება.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საინვესტიციო წინადადებასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროს დაქირავებული ჰყავს ჰოლანდიური კომპანია, რომელიც საინვესტიციო წინადადებას აფასებს და ინვესტორის შერჩევის პროცესში მონაწილეობს. ლევან დავითაშვილის თქმით, სწორედ აღნიშნული კომპანია უგზავნის CCCC-ის კითხვებს, რათა ამ უკანასკნელის საინვესტიციო წინადადების დახვეწა და სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდეს.
ამასთან, ლევან დავითაშვილის თქმით, ანაკლიაში პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები, რომლისთვისაც მიმდინარე წლის აგვისტოში ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავეს პროგრესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას.
"ანაკლიის პროქტი მიდის კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო-კერძო პარტნიორობის შესახებ კანონის შესაბამისად გამოცხადებული კონკურსით ჩვენ გვყავს ერთი პრეტენდენტი კომპანია, რომელთანაც კონტრაქტის დაზუსტების შესახებ მიდის მოლაპარაკება. დაზუსტებების მორიგი ფაზა უნდა დასრულდეს იანვრის ბოლოს. ჩვენ ამ პროცესში გვყავს ორი პარტნიორი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის არის ერთი ჰოლანდიური კომპანია, რომელიც შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობს სამინისტროსთან. მათი შეფასებებით ხდება შეფასება და ისინი აკეთებენ კითხვარს თუ რა უნდა დაზუსტდეს. ჩვენ კომპანიას მივეცით მეორე ვადა დაზუსტებებისთვის, მესამე დაზუსტებებია, რათა საბოლოოდ მივიღოთ კარგად გამართული საინვესტიციო წინადადება. ეს გვექნება იანვრის ბოლოს.
პროექტი უწყვეტად ხორციელდება, ადგილზე მიდის სამუშაოები და ოქტომბერში სამშენებლო სამუშაოების დაწყება დავაანონსეთ. უახლოეს ხანებში სამინისტრო გააკეთებს საინფორმაციო რგოლს თუ როგორ მიდის სამშენებლო სამუშაოები და ამას საზოგადოებას გააცნობს. მე ვფიქრობ რომ ეს გეგმაზე უფრო სწრაფად ვითარდება,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც უმეტესწილად სწორედ სახელმწიფოს მიერ დაქირავებული კონტრაქტორის, Jan De Nul-ისთვის გადასახდელ თანხას წარმოადგენს. ამასთან გრძელდება კომპანია CCCC-ის მიერ წარდგენილი საინვესტიციო წინადადების დაზუსტება, რომლის საბოლოო დაზუსტების შემდეგაც სახელმწიფოსა და კორპოორაციას შორის კონტრაქტი უნდა გაფორმდეს.
საქართველოს მთავრობამ ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC ანაკლიის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ CCCC ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა ამ განცხადებიდან ოთხი შემდეგაც CCCC გამარჯვებულად გამოვლენილი არაა და ის და საქართველოს მთავრობა კვლავ მოლაპარაკებებს მართავენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო ინვესტორის შერჩევის კონკურსი 2024 წლის მაისში დასრულდა. კონკურსის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია იყო გადასული, ესენია ჩინური CCCC და შვეიცარიული (TIL) Terminal Investment Limited Holding S.A, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ჯგუფის MSC-ის შემადგენელი კომპანიაა. აღნიშნულ ტენდერში TIL-მა საბოლოო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი, რომელმაც სახელმწიფოს პროექტში ინვესტირება შესთავაზა, ჩინური სახელმწიფო კორპორაცია CCCC იყო.
პროექტის მიხედვით, CCCC ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთობლივი კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი იქნება, ხოლო საქართველოს მთავრობა პროექტის მაჟორიტარი 51%-იანი აქციონერი იქნება.
პროექტის თანახმად, ანაკლიის პორტში პირველი საკონტეინერო გემები 2029 წელს უნდა შევიდნენ, პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 600 მილიონი დოლარია და ის წლიურად 600,000 კონტეინერის გამტარიანობის ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.