მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ფერი“ პანკისში „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობაზე უარს ამბობს

ხადორი 3

კომპანია „ფერი“ პანკისის ხეობაში დაგეგმილი „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის პროექტს აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა BMG-ის განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია აღარ აპირებს დროისა და რესურსის დახარჯვას იმ პროექტზე, რომელიც წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო იყო შეფერხებული.

ლაშა იორდანიშვილის განმარტებით, კომპანია სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს.

“ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, ამ პროექტის განხორციელების არანაირი ინტერესი აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, მივმართავთ სახელმწიფოს, რომ ხელშეკრულება შეწყდეს. არ ვიტყვი, რომ პრობლემის აღმოფხვრის პერსპექტივა არ არსებობს, თუმცა ამაზე დროის და რესურსის ხარჯვა ჩვენს კომპანიას აღარ სურს“, - ამბობს იორდანიშვილი BMG-სთან.

კომპანიის ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ მასშტაბურ ამნისტიას უკავშირდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ინვესტორებს, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ჰესების მშენებლობის ვადები დაარღვიეს, დაკისრებული ჯარიმები ეპატიებათ, თუ ისინი 16 მარტამდე წარმოადგენენ განახლებულ საბანკო გარანტიებს და მშენებლობის ახალ გრაფიკს, ან საერთოდ იტყვიან უარს პროექტზე.

იორდანიშვილის თქმით, სექტორში არსებული პრობლემები კომპლექსურია და მხოლოდ მოსახლეობის პროტესტით არ შემოიფარგლება:

„სადღაც შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ხაზის მოყვანასა და პროექტის დასრულებას შორის აცდენა - ინვესტორი ვარაუდობდა, რომ ხაზი გარკვეულ დროს იქნებოდა, რეალობამ კი სხვა აჩვენა. ასევე, პრობლემაა დაფინანსების მოზიდვაც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს მიეცათ შანსი, სწორად გააკეთონ ანალიზი და გადაწყვიტონ - დარწმუნებულები არიან საკუთარ ძალებში თუ ურჩევნიათ პროექტი სახელმწიფოს დაუბრუნონ“.

კომპანია „ფერის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ დაწესებული ერთთვიანი ვადა სრულიად საკმარისია ინვესტორებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან პროექტების უმრავლესობა დეტალურად არის დამუშავებული და მხოლოდ ვადების „გადათამაშებაა“ საჭირო. მისივე თქმით, იმ პროექტებზე, რომლებსაც კომპანია პორტფელში დაიტოვებს, ვადების დარღვევას აღარ დაუშვებენ.

„ხადორი 3“-ის პროექტი ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე უნდა განხორციელებულიყო. მცირე ჰესის დადგმული სიმძლავრე 5,4 მგვტ-ს შეადგენდა. პროექტი მასშტაბური დაპირისპირების საგნად 2019 წელს იქცა, როდესაც პანკისის ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყების მცდელობას ადგილობრივებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკება მოჰყვა.

მთავრობის მიერ გამოცხადებული “ენერგეტიკული ამნისტიის” ფარგლებში კი, ინვესტორებს ორი გზა აქვთ - გააგრძელონ პროექტი ან პროექტიდან გავიდნენ. პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, ინვესტორებმა 2026 წლის 16 მარტამდე ახალი საბანკო გარანტია უნდა წარადგინონ და ჯარიმის პატიება მოითხოვონ. ამ შემთხვევაში, მათ პროექტის დასასრულებლად ახალი, გონივრული ვადა მიეცემათ. მთავარი დათქმა კი შემდეგია - თუ ინვესტორი ახალ ვადებსაც დაარღვევს, ძველი, ჩამოწერილი ჯარიმები ავტომატურად აღდგება.

პროექტიდან გასვლის შემთხვევაში კი, კომპანიას შეუძლია მოითხოვოს ერთდროულად ხელშეკრულების შეწყვეტა და ჯარიმის პატიება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები