"ელექტრო ავტომობილების დასამუხტი სადგურების კომპანია "მარტEV" მალე საზღვარგარეთაც იქნება ხელმისაწვდომი", - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიგი ხოჯევანიშვილმა ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ "მარტEV" ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. პირველ ეტაპზე, ბიზნეს ინტერესები სრულიად უგულებელყოფილი იყო. მხოლოდ სოციალური ინტერესები იყო წინ წამოსული.
საწყის ეტაპზე, კომპანია სრულიად უფასოდ სთავაზობდა სახელმწიფოს და მოქალაქეებს დამუხტვის საშუალებას, რაც მიზნად ელექტრომობილების პოპულარიზაციას ისახავდა. დღეის მდგომარეობით, კომპანიას 70-მდე წერტილი აქვს თბილისში. ამასთან, ცოტა ხნის წინ კომპანიამ მერიის აუქციონში მიიღო მონაწილეობა და სამი ლოტიდან ორში გაიმარჯვეს. შედეგად, კომპანია ბიზნეს ოპერირების ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელს ახალ სერვისს, კერძოდ სწრაფი დამუხტვის საშუალებებს შესთავაზებს. ჯამში, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 200-მდე დამტენის დამონტაჟებაა დაგეგმილი.
ხოჯევანიშვილის თქმით, კომპანია ინოვაციურობაზეა ორიენტირებული, რომელიც როუმინგის ტიპის სისტემის დანერგვას გულისხმობს. ანუ, "მარტEV" ამ საერთაშორისო ქსელში ჩაერთვება. მომხმარებლებს კი, რომლებსაც "მარტEV"-ის აპლიკაცია ექნება ჩამოწერილი და საზღვარგარეთ მოინდომებს გადაადგილებას, აპლიკაციის გამოყენებით, ადგილობრივ ოპერატორებთან თანამშრომლობა და სერვისით სარგებლობა შეეძლებათ.
“კომპანია „მარტივი“ ინოვაციურობაზეა ორიენტირებული. ასეთი ერთი ინოვაციური მიმართულებაა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად როუმინგის ტიპის სისტემის დანერგვა. სხვადასხვა ქვეყნებში ოპერირებადი ჩვენნაირი ბიზნესით დაკავებული კომპანიები ამ როუმინგის წევრები არიან, რომლის წევრიც მალე ჩვენც ვიქნებით და მომხმარებლებს განსხვავებულ ტარიფებსა და განსხვავებულ შეთავაზებებს შევთავაზებთ“, - ამბობს გიგი ხოჯევანიშვილი.
გარდა ამისა, წელს, 5 აპრილს კომპანია „მარტივი“ ექსპო ჯორჯიაში გამართულ ელექტრომობილების და დამტენების გამოფენაში იღებს მონაწილეობას. ხოჯევანიშვილის თქმით, ამგვარი ღონისძიებებით სფეროს წახალისება მნიშვნელოვანია, ვინაიდან გლობალურად ძალიან არის გახშირებული და გაახალგაზრდავებული ავადობები, რისი მიზეზიც დაბინძურებაა.