მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანია „ზედაზენი“ 2022 წელს 15%-იანი ზრდით ასრულებს - რამდენ პროცენტიანი ზრდა იყო ლუდის ბაზარზე?

63a4284dcb835
ლიკა მეგუთნიშვილი
22.12.22 23:55
799
კომპანია „ზედაზენი“ 2022 წელს 15%-იანი ზრდით ასრულებს. ამის შესახებ BMG-სთან „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური ინფლაციისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის მიუხედავად, წელს ლუდის ბაზარზე 3%-დან 5%-მდე ზრდა იყო. რაც შეეხება კონკრეტულად „ზედაზენს“, ბაზრის წილის ზრდას კახა კოტრიკაძე „ზედაზენის“ ბაზარზე აქტიურობით, სხვადასხვა პროექტის განხორციელებითა და საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის დაწყებით ხსნის.

„მიმდინარე წელს ზედაზენმა ქართულ ბაზარზე იაქტიურა და ისეთი საერთაშორისო ბრენდი შემოიყვანა, როგორიც არის „მილერი“. გვქონდა ძალიან აქტიური სეზონი. გარდა ამისა, უალკოჰოლო სასმელების მიმართულებითაც უამრავი აქტივობა გვქონდა და ამ კუთხითაც ზრდა გვაქვს. განვახორციელეთ „ჩეროს“ რებრენდინგი და მისი მოხმარება და გაყიდვები ძალიან გაზრდილია. ასევე, ჩვენს პორტფელს წელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი, „დილმას“ ცივი ჩაი შეემატა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2022 წელი „ზედაზენისთვის“ ძალიან წარმატებული იყო“ , - აცხადებს კახა კოტრიკაძე.

რაც შეეხება 2022 წლის საექსპორტო მაჩვენებელს, კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, „ზედაზენის“ მიერ წარმოებული, როგორც ალკოჰოლური, ისე უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი წელს 50%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით გაზრდილია ლიმონათის ექსპორტი. კახა კოტრიკაძე ასევე აღნიშნავს, რომ 2023 წელს ლუდის ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდის მოლოდინი არ არის და ის სავარაუდოდ, კვლავ 3%-5%-ის ფარგლებში იქნება.

„განსაკუთრებული მოლოდინი არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ზრდა სავარაუდოდ იგივე იქნება, რაც წელს იყო. ფასები კვლავ მაღალია და ინფლაციაც თავისთავად გავლენას ახდენს იმ შესაფუთ მასალებისა თუ ძირითადი ნედლეულის ფასებზე. ვიმედოვნებთ, რომ ლარი გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს და ეს სამომხმარებლო ფასებზეც იქონიებს გავლენას. ამ ყველაფრის ბალანსით კი, ვფიქრობთ, ლუდის ბაზარზე 3%-დან 5%-მდე ზრდა უნდა გვქონდეს. 2023 წელს, რასაკვირველია, „ზედაზენი“ ბაზარზე კვლავ აქტიური იქნება“ , - განაცხადა კომპანია „ზედაზენის“ გენერალურმა დირექტორმა, კახა კოტრიკაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები