„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნის შესახებ დღეს 15 საათზე პრესკონფერენციას გამართავს. როგორც BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაღაროელების თითქმის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, კომპანიის ფინანსური რესურსიდან გამომდინარე კი ხელფასების მხოლოდ 5%-ით გაზრდის შესაძლებლობა აქვს.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს რესურსიც მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გადასახადების გადავადების შედეგად გამოინახა.
„ჩვენი შეთავაზებაა გავხსნათ საწარმო და დავაბრუნოთ მაღაროელები მუშაობის ძველ რეჟიმზე. თანახმა ვართ, დასაქმებულების ყველა მოთხოვნა შევასრულოთ, მათ შორის იმაზე რომ კომპანიაში შემოვიდეს აუდიტი და შევქმნათ კომისია, რომელშიც ჩართული იქნება ყველა მხარე. ეს კომისია დაადგენს თუ რა მდგომარეობაა კომპანიაში სამუშაო პირობების მხრივ და თუ რამე გამოსასწორებელია, მზად ვართ გამოვასწოროთ. ასევე მზად ვართ, ხელფასები 5%-ით მოვუმატოთ ყველა თანამშრომელს, გარდა ამისა, თუ კი აუდიტი დაადგენს, რომ კომპანია ფინანსურად მომგებიანია, ან მომავალში შეიძლება რომ კომპანია მომგებიანი გახდეს, მზად ვართ, მოვუმატოთ ხელფასები მდგომარეობიდან გამომდინარე. კომპანიამ ყველაფერი შესთავაზა, თუმცა ამ 8-საათიანი მოლაპარაკებიდან გამოვიდნენ და თვალი აიკერეს. არიან ჯგუფები, რომლებიც მოლაპარაკების მაგიდას აყირავებენ.
მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგად „ჯორჯიან მანგანეზს“ გადაუვადეს გადასახადები და გამოიძებნა რესურსი, რომ 5%-ით მოვუმატოთ ხელფასები. რეალურად 5 თვეა გაჩერებულები ვართ და ჭიათურაში მადნის მოპოვება არ ყოფილა და კომპანია დასაქმებულებს 60%-ს მაინც უხდიდა“, - აცხადებენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მაღაროელების პროტესტის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-9 დღეა. მაღაროელების თავდაპირველი მოთხოვნები იყო:
1. 40%-იანი ხელფასის მატება (არ ეხება მენეჯმენტს)
2. 2023 წლის 01 თებერვლამდე არსებული გრაფიკის /გეგმის დაბრუნება (გარდა იმ გამონაკლისისა, რაც შეთანხმდა ვახტებზე დარჩეს 4 დღიანი გრაფიკი)
3. ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება)
4. დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება
5. მიეცესთ დასაქმებულებს შვებულებით სარგებლობის საშუალება
6. მიეცესთ დასაქმებულებს მუშაობის მალე დაწყების საშუალება
7. მოხდეს ტექნიკის განახლება/გაუმჯობესება/შეცვლა
8. მოხდეს ულუფის გაუმჯობესება (მაგ. მოხდეს კონსერვის ამოღება და მოხდეს მისი ჩანაცვლება)
9. დასაქმებულებს მიეცესთ სანატორიუმის გამოყენების საშუალება, როგორც ეს ხდებოდა პირველ თებერვლამდე.
10. ბიულეტენით სარგებლობის შემთხვევაში ანაზღაურება მოხდეს 100%-ით.
11. ანაზღაურდეს ამა წლის 7 ივნისიდან საწარმოში სამუშაო პროცესის აღდგენამდე გაცდენილი დღეები 100%-ით.
12. გაკონტროლდეს უსაფრთხოება უმაღლეს დონეზე
13. გაუქმდეს ყველა შ.პ.ს და მოხდეს მათი გაერთიანება კვლავ ერთ კომპანიად.
14. კომპანიის მიერ ღია კარიერული მოპოვების წესით ახალი ტერიტორიების ათვისებისას მოხდეს ამ საკითხის შეთანხმება კონკრეტულ სოფლის მოსახლეობასთან, ადგილობრივების პოზიცია გათვალისწინებულ იქნას, როგორც ამას ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმები და საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, კანონის სრული დაცვით მოხდეს მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვება, ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შესაბამისად გაკონტროლდეს ჰაერის დაბინძურების ხარისხი, გეოლოგიური, ეკოლოგიური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით და თუ ყველაფერი იქნება ნორმის ფარგლებში, შემდგომ მოხდეს ჰუმსოვანი ფენის მოხსნა-დასაწყობება, ბიოლოგიური რეკულტივაცია და იმ ხე-მცენარებიის დარგვა გახარება, რაც ადგილობრივი კულტურისთვის არის ავთენტური.
13 ივნისიდან “ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკებების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციაც ჩაერთო. მედიაციის შედეგად მხარეებმა მოთხოვნათა უმრავლესობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეისთვის მაღაროელების მთავარ მოთხოვნად ხელფასების 20%-ით მატება რჩება. პროტესტის მონაწილეთა ნაწილი შიმშილობს, ნაწილმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი და თვალები ამოიკერა. დღეს, მაღაროებელმა პროტესტის თბილისში, პარლამენტის წინ ნაწილობრივი გადმოტანის შესახებ განაცხადეს.