მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომპანიას აქამდეც კბილებით ეჭირა წარმოება" - ასოციაცია ფეროშენადნობთა დარგში კრიზისის მიზეზებზე

ნუგზარ კევლიშვილი

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას ხვალიდან წყვეტენ. ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნუგზარ კევლიშვილი BM.GE ამბობს, რომ დარგში კრიზისი უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო და ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად, კრიზისის გამწვავება სრულიად მოსალოდნელი იყო.

"2.5 წლის წინ, უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო ღრმა კრიზისი ფეროშენადნობების დარგში და აღარ დამთავრდა. არაერთხელ მითქვამს, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდთან ერთად, ეს კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდებოდა. ამ პერიოდში ქვეყანაში წყალუხვობა არაა, შესაბამისად, ელექტროენერგიის იმპორტი ხდება და ფასი იზრდება. ჩვენს დარგში ელექტროენერგიას თვითღირებულებაში 25-30% უჭირავს. შესაბამისად, წარმოების გაგრძელება არსებული კრიზისის ფონზე რთულია.

ცოტა გამოცოცხლება ზაფხულში იყო და ახლა ისევ შემცირდა ფასი. იმის რესურსი, რომ კიდევ ვიღაცამ რამდენიმე თვე და ერთი წელი შეინახოს საწარმო, არ მგონია, ბევრს ჰქონდეს ან საერთოდ ვინმეს ჰქონდეს. ზაფხულში რამდენიმე საწარმომ მუშაობა განაახლა და კიდევ თუ დაიწია ფასმა, რაც ჩემი აზრით, გარდაუვალია, საწარმოები, რომლებიც ფუნქციონირებდნენ, ალბათ ისინიც შეაჩერებენ დროებით წარმოებას. GM-ს აქამდეც კბილებით ეჭირა წარმოება. ყველაზე რთული მათთვის იქნებოდა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი ვერ დაინახეს.

ეს კრიზისი ცხადია, რომ ოდესმე დამთავრდება და მსოფლიო არ გაჩერდება, მაგრამ არ მგონია, რომ 1-2 თვეში, ან ახლო მომავალში მოგვარდეს", - განაცხადა კევლიშვილმა BM.GE-სთან.

ზესტაფონის ფერო მუშაობას ხვალიდან აჩერებს - რა შემოსავალს იღებს ქვეყანა ფეროშენადნობების ექსპორტით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები