მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიები ჩანაცვლების თერაპიას ხედავდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას - კობახიძე

მთავრობა

„ჩვენ მივიღეთ ზომები ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ, ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სწორი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად“, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული სუბიექტები ჩანაცვლებით თერაპიასა და ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტს „ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებად“ იყენებდნენ, რაც მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია.

„აიკრძალა ფსიქოტროპული საშუალებების იმპორტი კერძო სუბიექტების მიერ და ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურება კერძო სექტორის მხრიდან. გვქონდა ეჭვები, რომ ეს პრივილეგიები კონკრეტული კომპანიების მიერ არაკეთილსინდისიერად გამოიყენებოდა და მიღებული ცვლილებები ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს. პრაქტიკულად, ისინი ამ პროცესს უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია,“ – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ნაბიჯები ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან ზომას წარმოადგენს.

ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობამ კერძო სუბიექტებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის აკრძალვის გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 25 ივნისს მიიღო. შედეგად, ოპიოიდური ჩანაცვლებით თერაპიას ნარკომომხმარებლები კერძო კლინიკებში ვეღარ ატარებენ - პროცესს განკარგავს მხოლოდ სახელმწიფო. ასევე, მხოლოდ სახელმწიფოს შემოაქვს ფსიქოტროპულ პრეპარატებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები