ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია იმედოვნებს, რომ ვიდრე მთავრობა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებისთვის ე.წ. „თეთრი სიით“ გათვალისწინებული პრეფერენციებს გააუქმებს, დაახლოებით, 2-წლიანი გარდამავალი პერიოდი შენარჩუნდება.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.
საქმე ის არის, რომ დღეს მოქმედი წესის თანახმად, სახელმწიფო ტენდერების თეთრ სიაში რეგისტრირებული კომპანიები სხვადასხვა პრეფერენციებით სარგებლობენ. მათ შორის შესაბამის ონლაინ რეესტრში რეგისტრირებულ მიმწოდებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტია წარუდგინონ. ამ სიაში მოხვედრილი კომპანიებისთვის იგივე პრეფერენცია ვრცელდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაშიც.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გაიხსენა, რომ 2016 წელს, „თეთრი სიის“ შემოღების ინიციატივა სახელმწიფოს ეკუთვნის და მიზანი ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა იყო. მეორე მხრივ, მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიების გაერთიანებაში სახელმწიფოს არგუმენტებსაც იზიარებენ იმის თაობაზე, რომ „თეთრი სიის“ პრეფერენციები რიგმა კომპანიებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენეს.
ეს უნდა იყოს ჯილდო იმ კომპანიების მიმართ, რომელთა მიმართ სახელმწიფო ჩათვლის, რომ ნაკლები რისკი არსებობს. რისკის შეფასებისას გასათვალისწინებელია კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობა. კომპანიის რისკიანობა უფრო მკაცრი კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს, რათა სახელმწიფოს ნაკლები რისკი ჰქონდეს; თუმცა ჩვენსა და სახელმწიფოს შორის აზრთა სხვადასხვაობა შემდეგში მდგომარეობს - ჩვენ ვამბობთ, კერძო სექტორი დღეს ფინანსურად ჯანმრთელი არაა და როცა არაჯანმრთელს [მკურნალობისთვის საჭირო] პრეპარატს [საბრუნავ კაპიტალს] მოუხსნი, რომელიც მას პროექტების შესრულებაში ეხმარები, ვფიქრობ, ეს კომპანიებს კიდევ უფრო დაასუსტებს. ამდენად, მიმაჩნია, რომ [ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებელი კომპანიების] სექტორში ლიკვიდურობის რისკი შეიქმნება“, - აღნიშნა ირაკლი გიორგობიანმა.
"თუ ჟანგბადს ჩავუხსნით, ბევრ კომპანიას შეიძლება რეანიმაციამაც აღარ უშველოს" - ინტერვიუ "თეთრ სიაზე"




























