მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კომპანიები, რომელთა ტექნიკამ მილსადენი დააზიანა, სოლიდური თანხით დაჯარიმდნენ - "თბილისი ენერჯი"

მილსადენი

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიები, რომელთა მძიმე ტექნიკამ, 9 თებერვალს, 500-მილიმეტრიანი გაზის მილსადენის დააზიანა, მაქსიმალური თანხით დაჯარიმდნენ.

ამის შესახებ გიორგი ლეფსვერიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, თუმცა არც სამშენებლო კომპანიები დაასახელა და არც - ჯარიმის ოდენობა.

საქმე ეხება, 9 თებერვალს, 500-მილიმეტრიანი მილსადენის დაზიანებას, რის გამოც ოთხი დღეს თბილისში, 150 000 აბონენტი გაზმომარაგების გარეშე დარჩა.

„მოქმედი კანონმდებლობით მილს აქვს თავისი დაცვის ზონა, რომელშიც არ შეიძლება მძიმე ტექნიკით სიარული, რასაც კანონი არეგულირებს, მაგრამ ისინი [სამშენებლო კომპანიები] არ იცავდნენ და შესაბამისად, მილი დაიძაბა, ჩაიზნიქა ბევრ ადგილას და გაწყდა კიდეც. მე არ მაქვს უფლება, დავასახელო სამშენებლო კომპანიები, მაგრამ სრულიად დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების და დადასტურების შემდგომ, შესაბამისმა ორგანოებმა ისინი მაქსიმალური ფულადი ოდენობით დააჯარიმეს... ჯარიმა იყო სოლიდური“, - განაცხადა „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, თუმცა არც „შესაბამისი ორგანოები“ დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ BMG-მ შსს-ს პრესსამსახურს არაერთხელ მიმართა კითხვით, დაიწყო თუ არა გამოძიება და რა მუხლით 500-მილიმეტრიანი მილის დაზიანების თაობაზე, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

თავის მხრივ, „თბილისი ენერჯიში“ ირწმუნებიან, რომ სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მაგისტრალური მილსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ, არაერთხელ ჰყავდათ გაფრთხილებული და იმედოვნებენ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება, რისთვისაც თავად კომპანიაც შესაბამის ზომებს იღებს.

გიორგი ლეფსვერიძის თქმითვე, „თბილისი ენერჯიმ“, დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად, სამშენებლო კომპანიებს კიდევ ერთხელ დაათვალიერებინა დერეფანი, სადაც მილსადენი გადის.

"მაგისტრალური მილსადენი მოდის ვაშლიჯვრის ტერიტორიიდან საბურთალოსკენ. მოგეხსენებათ, იმ ტერიტორიის მასიური განაშენიანება მიმდინარეობს; შენდება საცხოვრებელი კორპუსები... ჩვენ არაერთხელ გვყავს გაფრთხილებული სამშენებლო კომპანიები, რომ მძიმე ტექნიკით, თან მიწით, კლდით და სხვა სამშენებლო მასალებით დატვირთულებს არ ევლოთ, რის გამოც ეს მილი დაიძაბა. ზოგან ისეთი სიტუაცია იყო, რომ მიწისქვეშა გაზსადენი მიწისზედა გახადეს და ზოგ ადგილას კი, მოკვლევის შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ გაზსადენის ნაწილი 8-10 მეტრით მიწისქვეშ აღმოჩნდა, რადგან მიწაყრილი მოაწყვეს, როგორც ნაგავსაყრელზე...

ახლაც შექმნილია დერეფანი, სადაც ისედაც აკრძალული იყო ზედ სიარული და გაიგეს და ზედ არ დადიან მძიმე ტექნიკით, რათა მაგისტრალი არ დაზიანდეს. ველოდებით გათბობის სეზონის დასრულებას, რათა კაპიტალურად გაკეთდეს დერეფანი, სადაც გადის ეს მილი და ამარაგებს საბურთალოს და ვაკეს ბუნებრივი აირით, რომ მომავალ წელს არც ჩვენ და ჩვენს აბონენტებს სანერვიულო არაფერი ჰქონდეთ.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ იყო არც ავარიული და არც დაგეგმილი გათიშვა; ეს იყო ფორსმაჟორი“, - თქვა კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ.

„თბილისი ენერჯის“ მენეჯმენტში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მილსადენების მარკირება და შესაბამისი ნახაზების შექმნა, რაც სამშენებლო კომპანიებისთვის საჭირო ინფორმაციას წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები