2023 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოში ჩადებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 399 მილიონი დოლარით, ანუ 22%-ით ნაკლებია.
BMG-იმ საქსტატიდან იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, რომლებშიც 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო. მათ შორის მოხვდნენ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აზარტული თამაშების, საინჟინრო, კომუნიკაციების და სხვა სფეროებში მოღვაწე კომპანიები. საგულისხმოა გარემოება, რომ ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალი საქსტატის მიერ რიგითობის მიხედვით არ არის მოწოდებული.
დასახელება | საქმიანობის სექტორი |
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი | დამამუშავებელი მრეწველობა |
შპს მაგთიკომი | ინფორმაცია და კომუნიკაცია |
შპს თბილისი ენერჯი | ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება |
სს ენერგო-პრო ჯორჯია | ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება |
სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური | ტრანსპორტი და დასაწყობება |
შპს ტოიოტა კავკასია | საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი |
შპს ენკა რინიუებლზ | ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება |
სს ბიჯეო ჯგუფი | საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები |
შპს ექსელუს ჰოლდინგსი | დამამუშავებელი მრეწველობა |
შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია | ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება |
დეტალური სტატისტიკის თანახმად, მესამე კვარტალში ინვესტიციების კლება სავალო ვალდებულებების გასტუმრებამ განაპირობა, რამაც 603 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ინვესტიციების შემომავალი და გამსვლელი ნაკადები ასე გამოიყურებოდა:
- ინვესტიციები სააქციო კაპიტალში - 590 მილიონი დოლარი;
- რეინვესტიციები - 329 მილიონი დოლარი;
- სავალო ვალდებულებების მომსახურება - -603 მილიონი დოლარი.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, სავალო ვალდებულებების მომსახურება ამ მასშტაბის არცერთი სხვა წლის განმავლობაში არ ყოფილა.