მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიები საქართველოში, სადაც რუსული ინვესტიციები ჩაიდო - TOP 5

რუსეთი ფულადი გზავნილები

2023 წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 1.6 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში მეხუთე პოზიცია დაიკავა რუსეთის ფედერაციამ, საიდანაც გასულ წელს საქართველოში ინვესტიციების სახით 88 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 19%-ით ნაკლები იყო.

BMG-იმ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებშიც ყველაზე მეტი რუსული ინვესტიცია განხორციელდა. მათ შორის პირველ ადგილზეა სს “პონტუსი”, რომელიც გონიოში Pontus-ის ახალ ხუთვარსკვლავიან აპარტოტელს და კურორტს აშენებს. კომპანიის საწესდებო დოკუმენტაციის თანახმად, “პონტუსის” კაპიტალის მოცულობა 94 მილიონ ლარს შეადგენს, კომპანიის აქციონერია რუსეთში, მოსკოვის ოლქში დაფუძნებული კომპანია “კედრი”.

უმსხვილეს რუს ინვესტორებს შორის მოხვდა IT კომპანია “ჯეთთიქლაუდი”, რომელიც ქლაუდ სერვისების გლობალური მიმწოდებელია. ბიზნეს რეესტრის თანახმად კომპანიის 100%-ის მფლობელია დავიდ სლონიმსკი. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა 150 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო წმინდა მოგებამ 14 მილიონი ლარი შეადგინა.

2023 წლის ტოპ 5 რუსული ინვესტორი ასე ნაწილდება:

  • სს პონტუსი (დეველოპმენტი);
  • შპს ჯეთთიქლაუდ (IT კომპანია);
  • შპს ლეგერო (მშენებლობა);
  • შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი (ჯანდაცვა);
  • შპს ეიარ-მერიდიანსი (მშენებლობა).

ბიზნეს რეესტრის თანახმად, შპს “ლეგერო” სამშენებლო სექტორში საქმიანობს და ის 2022 წლის მარტში დაფუძნდა. ამონაწერის მიხედვით, კომპანიის კაპიტალი 96.7 მილიონ ლარს შეადგენს. მისი 100%-იანი წილის მფლობელია რუსული კომპანია “სვეტლიცა”. კომპანია ეიარ-მერიდიანსი 2015 წელს არის დაფუძნებული და მისი დამფუძნებლები ასთამურ ჩაზმავა და რეფიყ კაიტამბა არიან.

რაც შეეხება “ქალთა ჯანმრთელობის ცენტრს”, კომპანია ჯანდაცვის სფეროში საქმიანობს და ის 2022 წლის დეკემბერში დაფუძნდა, მისი მფლობელია რუსული კომპანია ვექტორფარმი.