მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომპანიების ექსპორტ-იმპორტზე მონაცემები, რომელსაც სამთავრობო მედია ავრცელებს, საგადასახადო საიდუმლოებაა

შემოსავლების სამსახური

გუშინ, 26 დეკემბერს რამდენიმე სამთავრობო მედიასაშუალებამ (ტელეკომპანია „იმედი“, “რუსთავი 2“, „პოს-ტვ“) იმ კომპანიების მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ გაავრცელა კონკრეტული ინფორმაცია, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საგარეო კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებენ.

როგორც ირკვევა, პროსახელისუფლებო ტელევიზიებს აღნიშნული მონაცემები "ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიაწოდა, რაც მან გადაცემა „იმედი LIVE“-ში სტუმრობისას თავად დაანონსა: გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან და ამ დროს, რუსეთში ვაჭრობენ, ხვალვე მოგაწვდით ინფორმაციას იმ მსხვილი კომპანიებიდან რამდენიმეზე [ინფორმაციას], რომლებიც რუსეთში ვაჭრობენ და გაცხოველებული ექსპორტ-იმპორტით არიან დაკავებულები. ძირითადი შემოსავალი იქიდან აქვთ. ის ხალხი, რომლებიც გაგულისებულები ინტერვიუებს იძლევიან, ვაჭრობენ რუსეთში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ 25 დეკემბერს.

BMG დაინტერესდა, "ქართული ოცნების“ დეპუტატის ხელში როგორ აღმოჩნდა კონკრეტული კომპანიების მიერ კონკრეტულ ქვეყანასთან განხორციელებული ვაჭრობის შესახებ ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც კანონით, კონფიდენციალურია.

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ჩვენ საქსტატს და შემოსავლების სამსახურს მივმართეთ.

ორივე სახელმწიფო უწყება ირწმუნება, რომ "ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის ინფორმაცია მათ არ მიუწოდებიათ. ასევე, მათ მიგვითითეს კანონმდებლობიდან შესაბამისი მუხლები, რატომაც აღნიშნულ მონაცემს ვერ გასცემდნენ.

შემოსავლების სამსახური:

„თქვენი კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება არ მომხდარა. ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას".

საქსტატი:

"ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად, ინდივიდუალური მონაცემები ითვლება კონფიდენციალურად და აქედან გამომდინარე, ცალკეული კომპანიების დონეზე სხვადასხვა სახის საქმიანობის ამსახველი მონაცემი არ გაიცემა“.

სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ასევე ვკითხეთ, ხომ არ ითვალისწინებს კანონი გამონაკლისის სახით ინფორმაციის გაცემას დეპუტატისთვის, თუმცა აღნიშნულიც გამორიცხეს.

აღსანიშნავია, რომ თუ მამუკა მდინარაძე საქსტატს სადეპუტატო კითხვით მიმართავდა, მიღებული პასუხები პარლამენტის ვებგვერდზეც გამოქვეყნდებოდა და შესაბამისად, ყველასთვის საჯარო გახდებოდა.

როგორ მოიპოვა მამუკა მდინარაძემ კომპანიების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია და წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას?

ამ კითხვით BMG-მ „ქართულ ოცნებას“ მიმართა. პარტიის პრესსამსახურიდან მოგვწერეს, რომ მამუკა მდინარაძე არაა ვალდებული, ინფორმაციის წყარო მიუთითოს და ვერც ისინი მოსთხოვენ დეტალების გაზიარებას.

„ოთხშაბათს, 25 დეკემბერს, მამუკა მდინარაძემ „იმედი live“-ში გააკეთა განცხადება, რომ დაინტერესებულ მედიას მისცემდა იმ კომპანიის მონაცემებს, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ უსაფუძვლოდ "კურსის" გამო, ხოლო მეორე მხრივ რუსეთთან აქვთ გაცხოველებული ვაჭრობა. ინფორმაცია ბატონმა მამუკამ მიაწოდა პარტიის PR სამსახურის ხელმძღვანელს, რომელმაც თავის მხრივ, დაინტერესებულ მედიას გაუზიარა იმ ბიზნესის სია, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ.

მამუკა მდინარაძეს, როგორც პარლამენტის დეპუტატს, არ აქვს არანაირი ვალდებულება, მიუთითოს ინფორმაციის წყაროს შესახებ. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ვერც ჩვენ ვთხოვთ დეტალების მოწოდებას“, - ნათქვამია „ოცნების“ პრესსამსახურის წერილობით პასუხში.

სინამდვილეში ვის შეიძლებოდა მმართველი გუნდისთვის მიეცა ინფორმაცია, რომელიც საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს?

საგადასახადო ექსპერტები BMG-სთან აცხადებენ, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ კონკრეტულ ქვეყანაში განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ მონაცემებს ფლობენ თავად გადასახადის გადამხდელები და შემოსავლების სამსახური. ამდენად, თუ მმართველ გუნდს ან სამთავრობო მედიას აღნიშნული ინფორმაცია თავად ამ კომპანიებმა არ მიაწოდეს, გამოდის, რომ საგადასახადო საიდუმლოებამ შემოსავლების სამსახურიდან გაჟონა ან თავად უწყებამ მიაწოდა მამუკა მდინარაძეს, რაც კანონის დარღვევაა.

"თუ შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციამ გაჟონა, უწყებამ თავად უნდა ჩაატაროს შიდა მოკვლევა და გამოიძიოს, როგორ აღმოჩნდა საგადასახადო საიდუმლოება მესამე პირების ხელში. ასევე, თავად გადასახადის გადამხდელს ანუ კომპანიას, რომლის ინდივიდუალური მონაცემები გასაჯაროვდა, უფლება აქვს მიმართოს შემოსავლების სამსახურს და მოსთხოვოს პასუხი, როგორ მოხვდა ინფორმაცია მესამე პირების ხელში", - განმარტავენ ექსპერტები.

პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ორი კომპანია უკვე გამოეხმაურა.

"მანიპულაციური კამპანია და დეზინფორმაცია" - კომპანიების გამოხმაურება სამთავრობო მედიის კამპანიაზე

„თბილღვინოში“ სამთავრობო მედიის საინფორმაციო კამპანიას მანიპულაციურს უწოდებენ და აცხადებენ, რომ "2022 წლის შემდეგ, „თბილღვინოს“ რუსეთში ექსპორტი შეჩერებული აქვს. „ციფრები, რომლებიც მედიაში („რუსთავი-2“, „ტელეკომპანია იმედი, „პოს-ტვ“) იყო ნახსენები [„თბილღვინოს“ შემოსავალი რუსეთში ექსპორტიდან], მოიცავს 2022 წლის მარტამდე მონაცემებს და არის მანიპულაციური“, - აცხადებენ „თბილღვინოში“.

პროსახელისუფლებო ტელევიზიების მიერ გავრცელებულ მონაცემებს დეზინფორმაცია უწოდეს კომპანია PSP-ში, სადაც მიწოდების ჯაჭვის სტრუქტურაც ახსნეს. „სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს არა რუსეთთან, არამედ გერმანულ „ბაიერთან“, ფრანგულ „ლორეალთან“, ბრიტანულ „რეკიტ ბენკიზერთან“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები