აშშ-ის მხრიდან ორი განცხადება გააკეთა, ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო, ხოლო მეორე ბაიდენის ადმინისტრაციის, რომელიც კრიტიკულ აღიარებას წარმოადგენდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, ბაიდენის განცხადებაში შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ.
„ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო, ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისათვის და ქართული სახელმწიფოსთვის, მეორე ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება. მეორეს მე დავარქმევდი, ისევე, როგორც გუშინ და გუშინ წინ ამაზე ვილაპარაკეთ ჩვენ და ვისაუბრეთ, კრიტიკულ აღიარებას. იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისა, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ჰელსინკის კომისიამ. ჰელსინკის კომისიამ თქვა, რომ „ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების“ მიერ თავისუფლების მოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ“.
ის, რომ ლეგიტიმაცია მისცა ქართულ არჩევნებს, აღმოჩნდა შემაშფოთებელი, შეურაცხმყოფელი და ასეთი განცხადების საფუძველი ჰელსინკის კომისიის მხრიდან საკუთარი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი. მაშინ, როდესაც თავად ეს კომისია გუშინვე ამბობდა, რომ „ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს“. ეს არის უმძიმესი ბრალდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ენჯეო სექტორს, პოლიტიკოსებს და დამკვირვებლებს, რომლებმაც ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები, თუ შეიძლება ქართულ საზოგადოებასაც დადონ პატივი და წარუდგინონ მტკიცებულებები.
„ჰელსინკის კომისიას რომ მისცეს ეს მტკიცებულებები, ქართულ საზოგადოებას, ჩვენ ყველას დაგვიმალეს თუ რა ქნეს? ნათელი მტკიცებულება კი არა არც არა ნათელი და ბნელი მტკიცებულება არ გვინახავს. ბნელი მტკიცებულება შეგვიძლია დავარქვათ ვაშაძის მიერ გავრცელებულ ფეიქებს თუ არა ფეიქებს, წეღან მოვუწოდე, რომ გამოამჟღავნოს რომელი უბანია რა არის. ელემენტარული მტკიცებულება იმისა, რომ სადღაც რამე გაყალბდა თუ შეიძლება ქართულ საზოგადოებასაც წარუდგინონ. თურმე ჰელსინკის კომისიას წარუდგინეს რაღაც ნათელი მტკიცებულებები - ჩვენ აზრზე არა ვართ არავინ საქართველოში, რა ნათელ მტკიცებულებებზეა საუბარი. ეს ნათელი მტკიცებულებები კეთილი ინებონ და ჩვენც წარმოგვიდგინონ, ან პროკურატურას წარუდგინონ, ან რომელიმე სხვა საგამოძიებო ორგანოს წარუდგინონ, ან გაასაჯაროონ და წარუდგინონ ქართულ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნათელი მხოლოდ ის იქნება, რომ ჰელსინკის კომისია იტყუება, სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა, ისევე როგორც საქართველოს, ქართული სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების მიმართ, ასევე შეურაცხყოფას აყენებს საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, აშშ-ს პრეზიდენტს, იმ განცხადებით, რომლითაც მან დაგმო ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა ქართული არჩევნების ლეგიტიმურად ცნობის შესახებ და ლეგიტიმაციის მინიჭების შესახებ. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ ვაპირებთ გავუტაროთ, სულ რომ, აი დღესვე რომ გაჩერდნენ აგენტურული პარტიები და თქვან, რომ ყველაფერი კარგად იყო, ჩვენ ჩავყვებით ამ თემას, მათ ტყუილებს არჩევნების გაყალბების შესახებ ბოლომდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.