"ყველა შეხვედრის ბოლოს, კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით",- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ფასების სამთავრობო კომისიის ორკვირიანი მუშაობის შედეგებზე განაცხადა.
მისი თქმით, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშობა აპრილის ბოლოს დასრულდება.
„კომისიამ იმუშავა ორი კვირის განმავლობაში. შეხვედრა შედგა სურსათის სექტორში მომუშავე კომპანიებთან, როგორებიცაა ქსელური მარკეტები, იმპორტიორები, მწარმოებლები, ასევე, გაფართოვდა კომისიის მანდატი და შევხვდით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს, ასევე, საწვავის კომპანიებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ყველა შეხვედრის ბოლოს, კომპანიების მხრიდან იქნა გამოხატული მზაობა ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, რაც უკვე ძალიან კარგია. პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში, სადაც სპეციალური სამუშაო კომისიის ფარგლებში მოხდება აღნიშნული საკითხების განხილვა. ჩვენ მუშაობას დავასრულებთ აპრილის ბოლოს და ვფიქრობთ ხელშესახები შედეგები გვექნება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ცნობისთვის, "ფასების სამთავრობო კომისია" გუშინ ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს - მწარმოებლებს, ხოლო 28 იანვარს ფარმასექტორს შეხვდა.




























