$100-მილიარდიანი კაპიტალიზაციის მისაღწევად წარმატებულ კომპანიას საშუალოდ 20 წელიწადი სჭირდება და მსოფლიოში სულ ასეთი 150 კომპანიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფსიქოლოგიურ ნიშნულს პლანეტაზე არსებული კომპანიების მხოლოდ 0.1% აღწევს.
მიუხედავად ამ შედეგის სირთულისა, მსოფლიოში მაინც არსებობს რამდენიმე ისეთი კომპანია, რომლის საბაზრო შეფასება ერთ დღეში 100 მილიარდ დოლარზე მეტით გაზრდილა.
ამ ულტრა-ექსკლუზიურ კლუბში მხოლოდ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ე.წ. ბრწყინვალე შვიდეულის წევრებს შეხვდებით, ანუ იმ კომპანიებს, რომლებიც არა უბრალოდ პროდუქტებს ქმნიან, არამედ სამყაროს ცვლიან.
რეიტინგის სათავეში ნახევარგამტარების ინდუსტრიის ტიტანს, Nvidia-ს ვხედავთ, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია მიმდინარე წლის 22 თებერვალს 247 მილიარდი დოლარით გაიზარდა და კომპანიის საერთო შეფასება $2 ტრილიონი გახდა.
მეორე ადგილზე Facebook-ისა და Instagram-ის მშობელი კომპანია Meta გვხვდება, რომლის კაპიტალიზაცია ერთ დღეში თითქმის $197 მილიარდით გაიზარდა.
მესამე ადგილზე $191-მილიარდიანი შედეგით Apple-ს ვხედავთ, რომელმაც ინვესტორების გულები 2022 წლის 10 ნოემბერს გაახარა.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ათეულში სიამაყითაა წარმოდგენილი, ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული Microsoft-ია, რომელიც ამჟამად პლანეტის უმსხვილესი კომპანიაა, $3-ტრილიონიანი საბაზრო შეფასებით.
უოლ-სტრიტის ჩემპიონების რეიტინგში ასევე ვხედავთ ჯეფ ბეზოსის Amazon-ს, რომელმაც 2022 წელს სულ რაღაც 24 საათში $191 მილიარდის კაპიტალიზაცია მიითვალა.
კომპანიები ერთ დღეში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგებით:
- NVIDIA +$247.0 მლრდ;
- Meta +$196.8 მლრდ;
- Apple +$190.9 მლრდ;
- Amazon +$190.8 მლრდ;
- NVIDIA +$184.1 მლრდ;
- Apple +$178.9 მლრდ;
- Apple +$169.0 მლრდ;
- Apple +$150.5 მლრდ;
- Microsoft +$150.4 მლრდ;
- Microsoft +$148.3 მლრდ.