საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესკლიმატის ინდექსში, დასაქმების ბარომეტრი მეორე კვარტალში წინა კვარტალთან და 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.
BAG დასაქმების ბარომეტრი მომავალ სამ თვეში დასაქმების სავარაუდო ცვლილების შესახებ კომპანიების მოლოდინს ასახავს, შესაბამისად, 2021 წლის II კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ. BAG-ის დასაქმების ბარომეტრმა 27.4 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია როგორც 2020 წლის II კვარტალთან (30.2 პუნქ¬ტით), ასევე, წინა - 2021 წლის I კვარტალთან შედარებით (12.7 პუნქტით).
BAG-ის დასაქმების ბარომეტრის მიხედვით, II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორში გაუმჯობესდა.
„მშენებლობის სექტორში, წინა კვარტალთან შედარებით, გამოკითხულ კომპანიათა მოლოდინი დასაქმების მიმართულებით გაუარესდა და მომავალ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გამოკითხულთა მხოლოდ 12.5% მოელის, თუმცა აღსანიშნავია, რომ, საერთო ჯამში, დასაქმების ცვლილების დადებითი მოლიდინი ოთხივე სექტორში (ვაჭრობა, მრეწველობა, მშენებლობა, მომსახურება) ფიქსირდება. 2021 წლის II კვარტალში, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, ვაჭრობის, მრეწველობისა და მომსახურების სექტორებში დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებლის გაუმჯობესება ამ სექტორებში გაყიდვების და გაყიდვების ფასების ზრდასთან დაკავშირებით არსებულ ოპტიმისტურ მოლოდინს უკავშირდება.
რაც შეეხება წლიურ ცვლილებას, აღსანიშნავია, რომ 2021 წლის II კვარტალში, 2020 წლის II კვარტალთან შედარებით, ყველა სექტორისთვის დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ყველაზე მეტად დასაქმების ბარომეტრი მშენებლობის სექტორში (41.1 პუნქტით), ხოლო ყველაზე ნაკლებად ვაჭრობის სექტორში (12.6 პუნქტით) გაუმჯობესდა“, - აღნიშნულია BAG-ის დასაქმების ბარომეტრში.