ჩვენ ვართ ჩართული გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება არის აშშ, სხვა კომპანიების ძირითადი მიმართულება არის ევროპა, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გლობალურად, "ტექში" არსებული ტენდენციებზე საქართველოში არამარტო დისკუსია გავმართოთ, არამედ დავნერგოთ, - ამის შესახებ აშშ-ში ყოფილი დესპანი და Lineate-ს ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია აცხადებს.
მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ ვითარებასა და ინვესტირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი კომპანია ამერიკულია და იქაურ ბაზარზე არის წარმოდგენილი 10 წელზე მეტია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ პარტნიორად გვყავს ამერიკული კომპანიები. არაერთ საინტერესო პროექტში მიგვიღია მონაწილეობა და ვამაყობთ იმ შედეგებით, რომელიც გვქონია. საქართველოში შემოვედით 2 წლის წინ, კომპანიას ოფისი აქვს საქართველოს გარდა სომხეთსა და პოლონეთში. ამ სამ ქვეყანაში ვასაქმებთ 400 ადამიანს და მათგან 100-სს საქართველოში. საქართველოს ოფისი ატარებს რეგიონული ცენტრის ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ სათავო ოფისის ყველა მოვალეობას სწორედ ჩვენი, საქართველოში მდებარე ოფისი ასრულებს. თავად ქართული ოფისში 80% ადგილობრივია, საქართველოში შევქმენით სამუშაო ადგილები და ასე ვაპირებთ გაგრძელებას. გასულ კვირაში ნიუ-იორკში გვქონდა შეხვედრა და ვისაუბრეთ საქართველოს პოტენციალზე. ორ წელიწადში 25 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, და წლის ბოლომდე ვაპირებთ 10-12მლნ-ის ინვესტირებას“, - თქვა ციკოლიამ.
წამყვანის კითხვაზე, საშუალოვადიან პერიოდში ICT-ის რომელი ქვესექტორი შეიძლება იყოს საინვესტიციოდ მიმზიდველი საქართველოში, ბიზნესმენი პასუხობს:
„ამ ინდუსტრიის საქართველოსთვის მნიშვნელობა ორმაგია - არის მნიშვნელობა, რომელიც ლოკალურია, სამუშაო ადგილებს, ინვესტიციას, ცოდნას, ტექნოლოგიებს ქმნის, რაც ადგილზე აკუმულირდება. და მეორე - საერთაშორისო კომპანიების საქმიანობა ძირითადად არის დაკავშირებული გლობალურ ეკონომიკასთან. ჩვენ ვართ ჩართული გლობალურ ეკონომიკაში და ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება არის აშშ, სხვა კომპანიების ძირითადი მიმართულება არის ევროპა, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გლობალურად, ტექში არსებული ტენდენციებზე საქართველოში არამარტო დისკუსია გავმართოთ, არამედ დავნერგოთ, და ინდუსტრიას, რომელიც შიდა ბაზარზე არის ორიენტირებული, ეს მონაცემები გავაცნოთ. ეს ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში პროდუქტიულობა, სამუშაო ადგილები, ხელფასები, ინტერესი და ზრდა შიდა სექტორის მიმართ საკმაოდ გაიზრდება. ბოლო 20 წელიწადში ამ ინდუსტრიაში სამი ძირითადი ტალღა იყო განვითარების, პირველი - ინტერნეტის შემოსვლა, მეორე - ქლაუდის, ანუ ღრუბლის განვითარება, რამაც შემოიტანა არნახული ცვლილებები მთელ ინდუსტრიაში და მესამე - ხელოვნური ინტელექტი. ეს არის ტალღა, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს მთელ ინდუსტრიაზე. ამ ტენდენციებს ვხედავთ. ჩვენი კომპანია წლებია ამ მომსახურებას წამყვან კომპანიებთან ერთად და ვფიქრობთ, ამ კუთხით უფრო კარგად ვართ პოზიციონირებული იმისთვის, რომ შემდგომში ეს მომსახურება შევთავაზოთ“, - განაცხადა ციკოლიამ.
რაც შეეხება ტექნოლოგიების მიმართულებას, როგორც საინვესტიციოს, გიორგი ციკოლია აფასებს, რომ ეს ნამდვილად წამყვანი ინდუსტრიაა და მთელი მსოფლიო ეკონომიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგიები.
„ჩვენს ირგვლივ რაც ფუნქციონირებს, ყველაფერი ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული. ვიღაც ქმნის და ვიღაც მუდმივად უწევს მომსახურებას. ეს არის უხილავი ჯარი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ ყოველდღიურობაში მივიღოთ მომსახურება, რომელსაც მიჩვეული ვართ. მიჩვეული ვართ, რომ ტელეფონს როცა ავიღებთ, შეგვიძლია აპში რაღაც შევუკვეთოთ, მიჩვეული ვართ, რომ პლატფორმაზე შევალთ და მომსახურებას მივიღებთ. ამის უკან დგას ხალხი, რომელიც ამ მიმართულებას ავითარებს და ეს ტენდენცია მხოლოდ გაგრძელდება. მომსახურების კიდევ უფრო მეტი სფერო შემოვა, კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება და სამუშაო ადგილების, ინტერესის, უნარების კუთხით, ეს ინდუსტრია ყველასთვის იქნება საინტერესო“, - განაცხადა მან.