კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში კომპრომისი არ იქნება, - ასე უპასუხა დღეს თავდაცვის ახლადდანიშნულმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების მიერ დღეს დასმული შეკითხვებს.
საქმე ის არის, რომ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გავიდა არაერთი ინფორმაცია სხვადასხვა უწყებებში, მოადგილეების დონეზე არსებული კორუფციული გარიგებების შესახებ. უკვე არსებული ინფორმაციით, არა ამ მიზეზით, თუმცა თანამდებობები დატოვეს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანმა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძემ.
ჩიქოვანის ირწმუნება, რომ ლელა ჩიქოვანის თანამდებობიდან წასვლა კორუფციულ სკანდალთან კავშირში არ არის.
"ლელა ჩიქოვანთან მე მქონდა საუბარი. მას მადლობა ვუთხარი გაწეული საქმიანობისთვის. იცით, რომ ლელა ჩიქოვანის საქმიანობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში მუშაობით, მას ძალიან დიდი ისტორია აქვს სახელმწიფო სამსახურის. მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება გარკვეული შესაძლებლობები, სადაც ლელა ჩიქოვანის გამოყენება შეიძლება. რაც შეეხება სხვა საკადრო ცვლილებებს, ამ შინაარსის სხვა საკადრო ცვლილებები ჯერჯერობით არ იგეგმება.
არავინ არაფერს[კორუფციას] შესწირვია, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. მეორე მხრივ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ახალი მინისტრი ინიშნება კონკრეტულ თანამდებობაზე, მისი მოადგილეები ასევე არიან გათავისუფლებული. მე წარვადგინე სხვა შემადგენლობა, დამატებითი წარდგენები კიდევ იქნება. თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, არავინ არაფერს შესწირვია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე კონსულტაციების საფუძველზე ", - თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რჩება თუ არა ლელა ჩიქოვანის შვილი აშშ-ში, საქართველოს საელჩოში დანიშნულ თანამდებობაზე, თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ რჩება.
ჩიქოვანი პირობას დებს, რომ ჯარისკაცების ხარჯზე არც ერთი კომპრომისი არ იქნება.
„არათუ ვგეგმავ, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, ვიყო სრულად ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და რა შესყიდვები ხორციელდება მთლიანად სისტემაში. პირობას გაძლევთ, კომპრომისი არ იქნება არცერთ ადამიანთან, რომელიც მზად არის კომპრომისი გასწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. კომპრომისი არ იქნება" - განაცხადა ჩიქოვანმა და თქვა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესახებ, ბოლო დროს გასულ რეპორტაჟებში ხშირი იყო მინიშნებები, მანიპულაცია, დეზინფორმაციაც კი.
დღესვე, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით განცხადება გააკეთა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.
„შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს, რა თქმა უნდა, "ნაცმოძრაობის" მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებად წარმოჩენით არ უნდა მოხდეს”, - თქვა მდინარაძემ.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა დაკავებები, მდინარაძემ განაცხადა, რომ დაკავება კორუფციის წინააღმდეგ ერთადერთი საპრევენციო იარაღი არ არის, ხოლო თუ ადამიანი დასაკავებელია, იმას დააკავებენ.
„პრემიერის გზავნილი იყო არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების მიმართ, არამედ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში მოვლენები, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
როცა ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით ვართ დაწინაურებული, შეგვიძლია სპეკულაციებისთვისაც კი აღარ დავტოვოთ სივრცე დინამიკაში იმდენად დიდი მასშტაბი შეიძლება მიიღოს კორუფციასთან ბრძოლამ - ოღონდ ეს რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეთოდებით, სახლებში შევარდნებითა და სატელევიზიო შოუებით არ უნდა იყოს.
დინამიურად სწორი მოქმედებით შეიძლება კორუფციასთან ბრძოლის ინდექსში მსოფლიო ქვეყნების ათეულში აღმოვჩნდეთ. ამასთან დაკავშირებით პრემიერის გზავნილი შემთხვევითი არ იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.
აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გასული წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში მესამედ სწორედ კორუფციასთან ბრძოლის დაპირებით მობრუნდა.
"ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება" - სხვა მიზეზებს შორის ასე განმარტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნება.