მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისია: მობილურ ოპერატორებს მაღალი მარჟები და ტარიფები აქვთ

60bc7e2d83f23
სალომე მეცხვარიშვილი
06.06.21 11:43
1497
კომუნიკაციების კომისია საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებს აკრიტიკებს. 2020 წლის ანგარიშში კახა ბექაურის უწყება მიუთითებს, რომ კომპანიები საკმაოდ მაღალი მარჟებით ოპერირებენ და მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებისა, რომლებსაც ტარიფები უნდა გაეიაფებინათ, ასე არ მოხდა.

“საქართველოში გასულ წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების, კერძოდ, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ საოპერაციო მარჟები (EBITDA) 40%-ზე მეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომსახურებებზე ტარიფების გაიაფების მიზნით, წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიებს საკომუნიკაციო სერვისებზე ფასები არ შეუმცირებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაუქმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების აქციზი, რაც კომპანიების საოპერაციო მარჟის ზრდაზე აისახა, თუმცა არ ასახულა საცალო ტარიფებზე”,– ვკითხულობთ ანგარიშში.

საინტერესოა, რომ ამავე ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების შემოსავალი 2019 წელთან შედარებით შემცირდა. კერძოდ, 2020 წელს ტელეკომ-ოპერატორების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი მილიარდ 153 მლნ ლარი იყო, რაც 2019 წელთან შედარებით 32 მილიონი ლარით ნაკლებია. თავად მობილური კომპანიები “საქმის კურსთან” საუბრისას აღნიშნავენ, რომ 3 კომპანიიდან ორი – 2020 წელს ზარალზე გავიდა, შესაბამისად, მათთვის კომუნიკაციების კომისიის კრიტიკა გაუგებარია. ამჟამად ოფიციალურად ხელმისაწვდომი მხოლოდ “სილქნეტის” მაჩვენებლებია, რომელიც გასულ წელს საკმაოდ დიდ – 80–მილიონიან ზარალს აჩვენებს.

ყველაფერთან ერთად მარეგულირებელი კომისია 2020 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია.

“Strategy Analytics-მა და Teligen-მა კვლევა მსოფლიოში აპრობირებული ბენჩმარკინგის მეთოდით ჩაატარეს. კვლევამ თვალნათლივ აჩვენა, რომ „მაგთიკომის“ და „სილქნეტის“ მობილური კომბინირებული მომსახურებების ფასი, ევროპის წამყვანი ქვეყნების ოპერატორების ფასებთან შედარებით, საშუალოზე მაღალია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე არსებობს შედარებით დაბალ ფასიანი შეთავაზებებიც, რომელსაც მომხმარებელს კომპანია „ბილაინი“ სთავაზობს. ამის მიუხედავად, ბაზრის არსებითი წილი - 70% და მეტი, მაინც მაღალ ფასიანი მომსახურებების მქონე ოპერატორებს - „მაგთიკომს“ და „სილქნეტს“
უკავია.

2020 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ ჩაატარა მობილური ხმოვანი მომსახურების საცალო ბაზრის კვლევა, რა დოსაც დადგინდა, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია. სატარიფო შეთავაზებები, რომელსაც მომხმარებელს კომპანიები „მაგთიკომი“ და „სილქნეტი“ სთავაზობენ, რადიკალურად განსხვავებულია მესამე ოპერატორის, კომპანია „ბილაინის“
შეთავაზებებისაგან. აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რომ მობილური მომსახურებების ბაზარზე ძლიერი კონკურენცია არ არის, როგორც შეთავაზებების, ისე სატარიფო საცალო პოლიტიკის ნაწილში”,– წერია 2020 წლის ანგარიშში.

საინტერესოა, რომ 2019 წელს კომუნიკაციების კომისია სხვა დასკვნებს აკეთებდა. მარეგულირებელი 2019–ის ანგარშში წერდა, რომ “კომისიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტი კონკურენტულია და რეგულაციის დაწესების საჭიროება არ გამოვლინდა”. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე დიდი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, წელს ბექაურის უწყება სხვა აზრზეა და ბაზარზე კონკურენციის ამაღლება ვირტუალური ოპერატორების(MVNO) განვითარებით სურს. MVNO - ესენი არიან კომპანიები, რომლებიც მობილური ოპერატორების მსგავს სერვისს აწვდიან მოხმარებელს, თუმცა, ამისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ. ვირტუალურმა ოპერატორებმა ასე ვთქვათ უნდა “იქირაონ” “მაგთიკომის”, “სილქნეტისა” და “ბილაინის” ქსელი და მათი მეშვეობით მიაწოდონ მომსახურება მოქალაქეებს. ვირტუალური მობილური ოპერატორების განვითარება ნიშნავს, რომ ბაზარზე სრულიად ახალი კომპანიები შემოდიან და ოპერირებისთვის უკვე არსებული კომპანიების ქსელებს იყენებენ. საკუთარ ქსელზე MVNO–ების დაშვების ვალდებულება კი მობილურ ოპერატორებს კომუნიკაციების კომისიამ დაუწესა.

თავად მობილური ოპერატორების პოზიციას ამ საკითხებზე bm.ge ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები