მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ბიზნესმენ ნასიბ ჰასანოვთან ღირსების შელახვაზე მიმდინარე დავა მოიგეს

63eb4b6a4a102
BM.GE
14.02.23 12:54
894
თბილისის სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ „კავკასუს ონლაინის“ წილის კომისიის თანხმობის გარეშე შემძენის, ნასიბ ჰასანოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა და კომუნიკაციების კომისიის პოზიცია დაადასტურა - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. მარეგულირებლის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ კომუნიკაციების კომისიის განცხადებები პატივისა და ღირსების შემლახავად არ ცნო და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

საქმე კომუნიკაციების კომისიის მიერ რამდენჯერმე გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომელიც Neqsol Holding-ის დამფუძნებლის, ნასიბ ჰასანოვის უფლებადამცველთა შეფასებით, მისი საქმიანი რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად. საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჰასანოვის მხარის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა სააპელაციომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა. 

"საქმე ეხება 2019 და 2020 წლებში „კავკასუს ონლაინის“ წილების უკანონო გასხვისებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ავტორიზებული პირი ვალდებულია წილების გასხვისების შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიისგან წინასწარი თანხმობა მიიღოს, რომლის გვერდის ავლითაც, ნასიბ ჰასანოვმა ჯერ კომპანიის არაპირდაპირი 49%-იანი წილი არაკანონიერად შეისყიდა. მას შემდეგ, რაც კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 49%-იანი წილის გასხვისებისთვის არაერთი ფინანსური ჯარიმა დააკისრა, ნასიბ ჰასანოვმა 2020 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინის“ 51%-იანი წილიც კვლავ კომუნიკაციების კომისიის გვერდის ავლით არაკანონიერად შეიძინა.

საქართველოს კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით, საზოგადოების სწორად ინფორმირების მიზნით, ComCom-ის მხრიდან გაკეთდა რამდენიმე საჯარო განცხადება, რის შემდეგაც ნასიბ ჰასანოვი კომუნიკაციების კომისიას პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომუნიკაციების კომისიის განცხადებები კანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას ისახავდა მიზნად, რათა „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით საზოგადოებისთვის თავის არგუმენტირებული ხედვა გაეზიარებინა,"- ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პარალელურად, გრძელდება საარბიტრაჟო დავა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID). არბიტრაჟის მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, ტრიბუნალმა მიიღო დროებითი ღონისძიება საქართველოს მთავრობის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს მოუწოდებდა შეეწყვიტა მიზანმიმართული თავდასხმები Caucasus Online-ზე. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას დაევალა შეეჩერებინა იმ ტრანზაქციის გაუქმების მცდელობა, რომლითაც ბიზნესმენმა ნასიბ ჰასანოვმა არაპირდაპირი სახით მოიპოვა Caucasus Online-ის აქციების მფლობელობა.

საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი ნასიბ ჰასანოვმა 2020 წლის ოქტომბერში წამოიწყო. მოსარჩელის გადაწყვეტილება, მოეთხოვა დაცვა კომუნიკაციების კომისიისგან, გამოწვეული იყო, ორგანიზაციის მიერ "კავკასუს ონლაინში" სპეციალური მართვის რეჟიმის დაწესებით. ნასიბ ჰასანოვის მხარის განმარტებით, ამ ნაბიჯის შედეგად, შეფერხდა საერთაშორისო პროექტის განვითარება, რაც საქართველოზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ცენტრალური აზიისთვის ინტერნეტის მიწოდებას ისახავდა მიზნად. 

კომპანიის მესაკუთრის ცვლილების შემდეგ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელმაც კომუნიკაციების კომისიას ოპერატორებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მისცა. 2020 წლის 1 ოქტომბერს სწორედ ეს უფლება გამოიყენა კომისიამ. ნასიბ ჰასანოვის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის აქტივების ფაქტობრივ ექსპროპრეაციას წარმოადგენდა. არსებული ინფორმაციით, საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს 200 მილიონი დოლარის ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები