კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტის, “ორი ნაბიჯის” 33%-იანი წილის მფლობელია.
მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს ბექაურმა კომპანიიდან 4,299,570 ლარის დივიდენდი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, “ორი ნაბიჯის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრია კახა ბექაურის მეუღლე ეკა ბერიძე, რომლის შემოსავალიც კომპანიიდან 219,090 ლარი იყო.
კომუნიკაციების კომსიის თავმჯდომარის პოსტზე კი კახა ბექაურმა 2020 წელს ხელფასის სახით 188,585 ლარი აიღო.
თავად “ორი ნაბიჯი” ბაზარზე 200-ზე მეტი სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და ის “კარფურისა” და “ნიკორა/ლიბრეს” ქსელის შემდეგ გაყიდვების მიხედვით მესამე ადგილს იკავებს.
ამ დროისთვის ცნობილია "ორი ნაბიჯის" 2019 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, კომპანიის მთლიანი გაყიდვები 33%-ით გაიზარდა და 308.5 მილიონ ლარს მიაღწია.
უფრო კონკრეტულად, “ორი ნაბიჯის” შემოსავლები ასე ნაწილდებოდა:
საკვების გაყიდვები - 215.3 მილიონი ლარი;
სასმელის გაყიდვები - 46.1 მილიონი ლარი;
არასაკვები პროდუქციის გაყიდვები - 47.1 მილიონი ლარი;
გაყიდვების ჯამი - 308.5 მილიონი ლარი.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, “ორი ნაბიჯის” აქტივების ღირებულება 130 მილიონ ლარს აღემატებოდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, სუპერმარკეტების ქსელის თანამესაკუთრე საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურია, რომელიც კომპანიაში 33%-იან წილს ფლობს. ასევე 33%-33%-იანი წილები ეკუთვნით ბიზნესმენებს გიორგი ჩხეიძესა და გოჩა ცქიტიშვილს.