თბილისის მერია, 2024 წლის პირველი იანვრიდან დედაქალაქში დიდი გამავლობის მანქანების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ამით თბილისი საცობებისგან განიტვირთება. შეზღუდვა დილის საათებში 8-იდან 11 საათში პერიოდს და საღამოს 17-იდან 20 საათამდე შუალედს მოიცავს და რეგულირება არ გავრცელდება აგვისტოში, შაბათ-კვირას და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებზე. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ კონკრეტულ საათებში მოძრაობის აკრძალვა დედაქალაქის გარკვეულ უბნებში მოხდება. ეს ძირითადად ცენტრალური ტერიტორია და ის ადგილები იქნება, სადაც მობილობა მაღალია. შეზღუდვა შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებს.
თბილისის მერიის მიერ მომზადებული კანონპროექტის არსებული ვერსიით, დიდი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელ კომპანიებს, თუმცა იმ დათქმით, რომ მათ მარშრუტის შეთანხმება მერიასთან წინასწარ მოუწევთ.
ტურისტული კომპანია "ტურებისა და ბილეთების" დამფუძნებელი bmg-სთან ამბობს, რომ თბილისის რეგულარულ მარშრუტზე მათი ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ რთულია შეათანხმო მარშრუტი, რომელიც ქალაქ გარეთ სრულდება. გერმანე ჭელიძე გამოწვევას ხედავს ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის შემთხვევებშიც. ის მერიის მხრიდან ბიზნესთან სათანადო კომუნიკაციას ითხოვს.
„ჩვენს კომპანიას ორი განსხვავებული მიმართულება აქვს. M3 ტიპის ორსართულიანი წითელი ავტობუსით მარშრუტი, რომელიც ქალაქში ცენტრალურ უბნებში მოძრაობს და ამის მარშრუტი შეგვიძლია შევათანხმოთ, რადგან ტრანსპორტი წლიურად მოძრაობს, მაგრამ მეორე გვაქვს მიმართულება, რომელიც გადის ქალაქგარეთ მაგალითად, ვარძიაში, კახეთში, ყაზბეგში. ამასაც ემსახურება M3 ტრანსპორტი. გამოდის ყოველ დღე უნდა შევათანხმოთ, რომელი ტრანსპორტი სად გადის, რომელი მიმართულებით, მანქანის სერია. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს ამბავი ჩვენ თქვენგან გავიგეთ და ჩვენთვის ეს ინფორმაცია არ იყო ცნობილი. არავინ გამოსულა მერიიდან ჩვენთან კონტაქტზე, ამიტომ შეიძლება მარტივად არის საქმე და ჩვენ ვართულებთ , მაგრამ ფაქტია არ გვაქვს ინფორმაცია.
ჩვენ ასევე ჩამოგვყავს ტურისტული ჯგუფები. აეროპორტში მიდის ჩვენი ტრანსპორტი და ხვდება დიდ ჯგუფებს. თუ არ იქნება ამ ტრანსპორტით მოძრაობის საშუალება, მაშინ სასტუმროც დაიჩაგრება, თუ ჩვენ დროულად არ მივიყვანთ ამ ხალხს ადგილზე. ზოგს დილის კვება აქვს, მერე საღამოს კვება. რამდენად მოქნილი იქნება მერია არ ვიცით.
პირველ რიგში კომუნიკაციაა საჭირო. უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ რაზეა საუბარი. ჩვენთვის უღრანი ტყეა. დაგვიძახონ და მივალთ“-აცხადებს გერმანე ჭელიძე.